
ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოზე
ევროკავშირის ლიდერებმა ”მკაცრად დაგმეს” რუსეთის მიერ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და სხვა ქვეყნებს მოუწოდეს არ არ მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება.
1 სექტემბერს ბრიუსელში გამართული საგანგებო სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში, ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ”ღრმად შეაშფოთა” საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტმა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ლიდერები ასევე გამოხატავენ შეშფოთებას ”რუსეთის მხრიდან არაპროპორციული რეაქციის” გამო.
ტერმინი ”არაპროპორციული” ხშირად გამოიყენებოდა დასავლეთის პოლიტიკოსების მიერ, როცა ისინი აფასებდნენ რუსეთის შემოჭრის ფაქტს საქართველოს სიღრმეებში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის რეაქცია იყო ”არაპროპორციული” მაშინ, როცა მისი ჯარები გასცდნენ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს საქართველოს კიდევ უფრო სიღრმეებისკენ. პირველად ეს ტერმინი რუსეთის მიმართ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოიყენა.
ევროპის ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი კმაყოფილები დარჩნენ, როცა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობის წყალობით შემუშავებულმა ექვს-პუნქტიანმა გეგმამ საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტა განაპირობა, ”გააუმჯობესა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაზარალებულთათვის და ასევე მოხდა რუსეთის სამხედრო ძალების არსებითი უკან დახევა”.
თუმცა ევროკავშირის წევრის ქვეყნების 27-მა ლიდერმა ასევე აღნიშნა: ”ამ გეგმის შესრულება უნდა დასრულდეს”.
მათ ასევე გააფრთხილეს რუსეთი, რომ შეწყვეტენ პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს მასთან, ვიდრე რუსული ჯარები არ დაიხევენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს.
ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ მზადაა ჩაერთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმში ”ისე, რომ ჩაანაცვლოს რუსეთის უსაფრთხოების დამატებითი ზომები სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ზონაში”.
”ევროკავშირის წევრი ქვეყნები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სამხრეთ ოსეთში ეუთოს დამკვირვებელთა მისიის გაძლიერების საქმეში, დამკვირვებლების გაგზავნითა და მნიშვნელოვანი მატერიალური და ფინანსური დახმარების აღმოჩენით,”- ნათქვამია სამიტის დასკვნაში, ”ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა სასწრაფოდ გააგზავნოს ვითარების შემსწავლელი მისია, რომელსაც დაევალება ინფორმაციის შეგროვება და ევროკავშირის გაზრდილი ვალდებულების პირობების განსაზღვრა ადგილზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში”.
საქართველოს შესახებ დოკუმენტი ასევე ამბობს, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა წინ წაწიოს საქართველოსთან ურთიერთობები, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო შემოღებაში, ”როგორც კი ამის პირობები იქნება”.
ევროკავშირმა ასევე აიღო ვალდებულება საქართველოს დაეხმაროს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დანგრეულის აღდგენაში. ამ მიზნით ევროკავშირი საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას გეგმავს.