ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კასეტური ბომბები დასახლებულ პუნქტებში არ გამოუყენებია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 1 სექტემბერს აღიარა რომ მან გამოიყენა კასეტური ბომბები, თუმცა არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

თავდაცვის სამინისტრომ პრესისთვის განცხადება მას შემდეგ გაავცელა რაც Human Rights Watch-მა (HRW) დღეს განაცხადა, რომ თბილისმა როკის გვირაბის სიახლოვეს კასეტური ბომბები გამოიყენა. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს აღიარება HRW-ისთვის გაგზავნილ წერილში გააკეთა.

”საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებაში გააჩნია GRADLAR 160 სარაკეტო სისტემა და MK4 LAR 160 ტიპის რაკეტა (M-85 კასეტური ბომბით) მაქსიმალური სროლის მანძილი 45 კმ,” ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ 1 სექტემბერს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში, ”ქართულ მხარეს ამ ტიპის რაკეტები არასოდეს არ გამოუყენებია მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო სამიზნეების ან დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ რუსეთთან კონფლიქტის დროს,  სამხრეთ ოსეთის რეგიონში ან სხვაგან. GRADLAR-ის სისტემა გამოყენებულ იქნა რუსული სამხედრო შეიარაღების და როკის გვირაბიდან ძარას გზამდე საქართველოსკენ მომავალი სამხედრო კოლონების წინააღმდეგ. ”

HRW-ის წარმომადგენლის ბონი დოჩერტის განცხადებით, M-85 კასეტური ბომბები ნაპოვნი იქნა სოფელ შინდისში, რომელიც გორიდან ჩრდილოეთით მდებარეობს და ადმინისტრაციულად სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომოური ოლქში არ შედის. დოჩერტის განცხადებით, ამ სოფელში კასეტურის ბომბის პოვნა შეიძლება მიანიშნებდეს, რომ M-85 კასეტური ბომბები რუსების მიერ იყო გამოყენებული, თუმცა, მისივე თქმით, ამ ტიპის ბომბები, როგორც ცნობილია, რუსეთის შეიარაღებაში არ მოიპოვება. დოჩერტის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ M-85 კასეტური ბომბები შინდისში მას შემდეგ მიმოიფანტა, რაც ქართული მხარის საბრძოლო მარაგები რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს შეტევის დროს.

თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: ”GRADLAR-ის სისტემა ასევე არ იქნა გამოყენებული შინდისში საომარი მოქმედებების დროს და არც მის შემდეგ. შინდისი იყო ერთ-ერთი ბოლო პოზიცია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეკავა უკან დახევამდე და პოზიციების სრულად დატოვებამდე. მტრის ძალების მიერ არ განადგურებულა არც ერთი GRADLAR-ის სისტემა.”

”შინდისიდან ქართული ჯარების გამოსვლის მომენტიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არტილერია არ გამოუყენებია,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ”M-85 ტიპის ბომბების აღმოჩენა შინდისის ტერიტორიაზე ბევრ ეჭვს ბადებს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ არ აღინიშნება არანაიარი სახის დაზიანება ამ ტიპის ბომბების მიერ. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს სათანადო გამოძიებას. ქართული მხარე მზადაა მონაწილეობა მიიღოს გამოძიების პროცესში და უზრუნველყოს ყველა სახის შესაბამისი დახმარება. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავასახელოთ [M-85 კასეტური ბომბების] მომწოდებელი კომპანიის სახელიც.”

Back to top button