ახალი ამბები

HRW: საქართველო აღიარებს კასეტური ბომბების გამოყენებას

Human Rights Watch (HRW) 1 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველომ აღიარა კასეტური ბომბების გამოყენება სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებების დროს, იუწყებიან Associated Press და AFP.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ ოფიციალური განცხადება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ორშაბათს, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

HRW-მა განაცხადა, რომ მიიღო ოფიციალური წერილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სადაც დადასტურებულია M85 ტიპის კასეტური ბომბების გამოყენება როკის გვირაბთან, რომელიც თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს.

HRW-მა 15 აგვისტოს ასევე განაცხადა, რომ მისმა მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ჩამოყარეს კასეტური ბომბები საქართველოს დასახლებულ პუნქტებში.

HRW-ის წარმომადგენლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე 21 აგვისტოს გააფრთხილეს, რომ რუსული დაბომბვის შედეგად აუფეთქებელი კასეტური ბომბები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

”ბევრი ადამიანი დაიღუპა საქართველოში რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა უარყო, რომ ეს ბარბაროსული იარაღი გამოიყენა,” – განაცხადა Human Rights Watch-ის სამხედრო ექსპერტმა მარკ გარლასკომ 21 აგვისტოს, ”კიდევ უფრო ბევრი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ან დაშავდეს, თუ რუსეთი არ მისცემს უფლებას პროფესიონალურ გამნაღმელ ორგანიზაციებს შევიდნენ დაუყონებლივ და გაწმინდონ დანაღმული ტერიტორიები”.

Back to top button