ახალი ამბები

სახალხო დამცველი: კონფლიქტის ზონის სოფლებში უსაფრთხოება დაცული არ არის

სახალხო დამცველის აპარატმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შვიდი სოფლის მონიტორინგის შედეგად განაცხადა, რომ სოფლებში დარჩენილი მოსახლეობა იმყოფება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე და მათი უსაფრთხოება დაცული არ არის.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა 28 აგვისტოს მოინახულა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლომდებარე სოფლები: კარალეთი, ქინწვისი, მარანა, ტყვიავი, ტირძნისი, დიცი და არბოში.

”ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებს თავს აფარებენ ცხინვალთან ახლომდებარე სოფლებიდან გამოქცეული ადამიანებიც, რომლებიც თვითმხილველები არიან ადამიანთა მოკვლის, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის, ძარცვის და ქართული მოსახლეობის დევნის,”- აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ამ სოფლებში ქართველთა ეთნიკურ წმენდას აქვს ადგილი.

”იმ სოფლებში, სადაც ოსი და ქართველი მოსახლეობა ერთად ცხოვრობდა, ქართველებს, აიძულებენ დატოვონ საკუთარი სახლები, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კლავენ,”- აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

”ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ოსური ბანდფორმირებები ძარცვავენ სოფლებს, იტაცებენ საქონელს, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და მოკვლით ემუქრებიან ადგილობრივ მაცხოვრებლებს, წვავენ სახლებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ მოსახლეობა განიცდის საკვების და მედიკამენტების დეფიციტს, მიუხედავად  იმისა, რომ ”საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული აქციები სოფლის რწმუნებულების დახმარებით ამ სოფლებშიც ხორციელდება”. სოფლებს ასევე არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.

 

 

 

 

 

 

 

 

Back to top button