
სარკოზი მზადაა ხელახლა ეწვიოს მოსკოვსა და თბილისს
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მზადაა ხელახლა ეწვიოს რუსეთს და საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში შემდგომი შუამავლობის მიზნით, იუწყება ”როიტერი” საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ფილონის სიტყვებზე დაყრდნობით
”საფრანგეთის პრეზიდენტი თავის ევროპელ კოლეგებს შესთავაზებს რიგ ინიციატივებს, რომელსაც რამდენიმე დღეში დავინახავთ,”- განუცხადა ფრანგმა პრემიერ-მინისტრმა რადიო ”Europe 1”.
ფილონის განცხადებით, სარკოზის ინიციატივებს შორისაა მისი ვიზიტი რუსეთისა და საქართველოს დედაქალაქებში.
მისი თქმით, 1 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში სიტყვა ”სანქცია” არ შედის. ”სიტყვა, რომელიც დღის წესრიგში დგას, ესაა ”დიალოგი”,- დასძინა მან.
”ორი შესაძლო პოზიცია არსებობს. ერთი მათგანი ითვალისწინებს ცივი ომის შექმნას ყველაფრის ფასად, რუსეთზე თითის გაშვერით და მისი იზოლაციით… ეს არაა გზა, რომელიც საფრანგეთმა აირჩია. ეს არ არის გზა, რომელიც ევროპამ აირჩია,”- განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.