ახალი ამბები

ოპოზიცია მზადაა ითანამშრომლოს მთავარ საკითხებზე ხელისუფლებასთან

სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის საქართველოს გზა ლიდერმა განაცხადა, რომ ის მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას პარტიების დაფინანსების განახლების თაობაზე და მის წინადადებას ანტიკრიზისული ჯგუფის შექმნის თაობაზე.

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენელია, მოუწოდა ხელისუფლებას ითანამშრომლოს ოპოზიციასთან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის საქმეში.

”მივესალმები დაფინანსების აღდგენას, როგორც პირველ ნაბიჯს დემოკრატიის დაბრუნებისკენ. პარტიების დაფინანსება  შიდა პოლიტიკისთვის იგივეა, რაც ტერიტორიული მთლიანობა გარე პოლიტიკისთვის,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავის წერილობით განცხადებაში 30 აგვისტოს.

იგი ასევე მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის შესახებ, რომელშიც ასევე ჩაერთვება ოპოზიცია იმ უცხოური დახმარების მონიტორინგის გასაწევად, რომელიც ქვეყანაში რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ შემოდის.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ეს ღონისძიება არ არის საკმარისი ”ეროვნული გაერთიანების იდეისთვის”.

”პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილება უნდა მოხდეს არა, მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების დარიგების და განკარგვის სფეროში, არამედ სხვა დარგებშიც,”- განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება.

”ზოგჯერ დიდ ტრაგედიებსაც მოაქვს დადებითი შედეგები და ეროვნული გაერთიანება იქნება პასუხი მათთვის, ვინც საქართველოს დაშლას ელოდებოდა,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კონსერვატიული პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მოსაზრებებში, კახა კუკავამ გააკრიტიკა ხელისუფლება იმ ხელშეკრულებების დაგვიანებული გაუქმების გამო, რომელთაც ეფუძნებოდა რუსი სამშვიდობოების ყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში.

პარლამენტმა 28 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აცხადებს, ხოლო რუსეთის ჯარებს – ოკუპანტებად. დადგენილება ასევე ავალებს მთავრობას გააუქმოს საქართველოში რუსი სამშვიდოებოების განთავსებასთან დაკავშირებული ყველა საბაზისო შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ამ ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

”მიმაჩნია, რომ წარსულის შეცდომებიდან ის დასკვნები უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ, რომ სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილებები პოლიტიკური კონსულტაციების და კომპრომისის საფუძველზე უნდა მიიღებოდეს და არა პოლიტიკური კონკურენციის რეჟიმში,”- განაცხადა კუკავამ, ”სამწუხაროდ, დღესაც ეს გადაწყვეტილებები ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე მიიღება და უფრო პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს, ვიდრე შედეგზე ორიენტირებულს”.

”ნებისმიერ შემთხვევაში,”- განაგრძო მან, ”მზად ვართ, თუ კი ხელისუფლებას ამისი სურვილი ექნება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების დადგენის პროცესში მონაწილეობა მივიღოთ”.

Back to top button