ახალი ამბები

საქართველოს სტაბილურობა ევროკავშირის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს – ბრაუნი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ რუსეთის ”შიშველმა აგრესიამ” საქართველოს წინააღმდეგ ორი კითხვა დაბადა – როგორ შეიძლება საქართველოში სტაბილიზაციის მიღწევა და რა ფორმით უნდა გავაგებინოთ რუსეთს, რომ მისი ცალმხრივი მიდგომა ”საშიში და მიუღებელია” –  ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს ევროკავშირის ლიდერთა 1 სექტემბრის სამიტზე ბრიუსელში.

”ევროპის ხვალინდელ სამიტზე ბრიუსელში ჩვენ გავერთიანდებით, რათა შევამსუბუქოთ იმ 100 ათასი საქართველოს მოქალაქის ტკივილი, რომლების უსახლკაროდ არიან დარჩენილნი,”- განაცხადა ბრაუნმა თავის სტატიაში, რომელიც გამოაქვეყნა Observer-მა 31 აგვისტოს, ”გაერთიანებული სამეფო აპირებს 2 მლნ ფუნტის გამოყოფას და მე მოვუწოდებ პარტნიორებს, რომ საქართველოს დაეხმარონ არა მხოლოდ გადაუდებელ საჭიროებებში, არამედ გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და განვითარების საქმეში. ჩვენ განვათავსებთ სამშვიდობო დამკვირვებლებს, რათა უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებზე, დავნიშნავთ ოფიციალურ წარმომადგენელს ჰუმანიტარული და პოლიტიკურ საკითხების გასაძღოლად და მხარს დავუჭერთ ნატო-საქართველოს კომისიას ნატოს გუნდის გაგზავნით საქართველოში”.

მან გაიმეორა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ მილიბენდის ნათქვამი და განაცხადა: ”არ იქნება არანაირი დაბრუნება ჩვეულებრივი საქმიანობისადმი სანამ და ვიდრე რუსეთი სრულად არ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაიხევს თავდაპირველ პოზიციებზე”.

”მე მოვუწოდებ ხვალ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ კონფლიქტების გადასაჭრელად საერთაშორისო მექანიზმებს და გაიყვანოს თავისი ძალები თავდაპირველ პოზიციებზე,”- განაცხადა ბრაუნმა, ”მე ასევე ვეცდები ევროპელი ლიდერების დარწმუნებას, რომ გაიზარდოს იმ პროექტის დაფინანსება, რომელიც ჩვენ ენერგომატარებლების წამოღების შესაძლებლობას მოგცემს კასპიის ზღვიდან და ამით რუსეთზე დამოკიდებულებას შევამცირებთ”.

Back to top button