
ეკა ტყეშელაშვილი თურქეთს სტუმრობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც 31 აგვისტოს თავის თურქ კოლეგას ალი ბაბაჯანს შეხვდება, ამის შესახებ Civil.Ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებაში აცნობეს.
ამავე ინფორმაციით, ეკა ტყეშელაშვილი თურქეთში სტოკჰოლმიდან ჩავიდა, სადაც შეხვედრა ჰქონდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ მილიბენდთან.
თურქეთიდან ეკა ტყეშელაშვილი ბრიუსელში გამგზავრება, სადაც 1 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან საქართველოს კრიზისისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხების განსახილველად. შესაძლოა, სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი იქნას განხილული.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო უწყება იტყობინება, რომ ევროკავშირის სამიტის წინ მინისტრი სერგეი ლავროვი 30 აგვისტოს ტელეფონით ესაუბრა თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან გეგმასთან მიმართებაში რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში.
”განიხილებოდა ევროკავშირის წარმომადგენელთა ჩართვა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ირგვლივ უსაფრთხოების ზონებში საბრძოლო მოქმედებების და პროვოკაციების განუახლებლობის შესახებ ვალდებულების შესრულების მონიტორინგის პროცესში,”- იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საერთაშორისო დამკვირვებლების გაზრდის ინიციატივა გაახმოვანა დღეს ასევე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. თუმცა რუსული მხარე ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ე.წ. ”ბუფერულ ზონებში” უნდა ამოქმედდეს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების უშუალო სიახლოვეს.