
რუსეთის და ბრიტანეთის ლიდერებმა საქართველოზე იმსჯელეს
რუსეთი ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვს-პუნქტიან შეთანხმებას, რომლის პრინციპები ”ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას”, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სატელეფონო საუბარში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გორდონ ბრაუნს 30 აგვისტოს.
”რუსეთის მხარე არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ გამოდის წინადადებებით ეუთოს დამატებითი დამკვირვებლების განთავსების და მიუკერძოებელი საერთაშორისო მონიტორინგის დაწესების თაობაზე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მოქმედებებზე და ამ თვალსაზრისით იმედოვნებს კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას ევროკავშირთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ასევე ცალკეულ ქვეყნებთან,”- იუწყება კრემლი.
ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში, რომელიც ბრიტანული მხარის ინიციატივით შედგა, რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა მისი გადაწყვეტილების მოტივები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.