
სააკაშვილი ოპოზიციას ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას სთავაზობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ ოპოზიციას ანტიკრიზისული საბჭოს შექმნა შესთავაზა იმ უცხოური დახმარებების მონიტორინგის მიზნით, რომელთა საქართველოში შემოსვლა მოსალოდნელია პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციისათვის.
”ოპოზიციის წარმომადგენლებს ვთავაზობ ერთობლივი ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან და საზოგადოებისაც,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ანტიკრიზისული საბჭო როგორც ცენტრში, ისე ადგილებზე, რომლის შემადგენლობაში შევლენ ოპოზიციის, საზოგადოებისა და დაზარალებულთა წარმომადგენლები, რათა ყველამ ერთად გავაკონტროლოთ რა რაოდენობის დახმარება შემოვიდა და როგორ ნაწილდება ის”.
”ამ პროცესში სიამოვნებით ჩავრთავთ მთელ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას,”- დასძინა მან.
იმავდროულად, ლევან გაჩეჩილაძემ, სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, განაცხადა, რომ ის ახლახან შეხვდა სააკაშვილს და ამ საკითხებზე ესაუბრა.
თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციას იმაზე მეტის სურვილი აქვს, ვიდრე დახმარებების ხარჯვაზე კონტროლია.
გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 30 აგვისტოს გამოქვეყნდა, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მან სააკაშვილს შესთავაზა ანტიკრიზისული მოქმედებათა გეგმის შემუშავება.
”ახლა აუცილებელია ლიბერალური პოლიტიკური გარემოს შექმნა, რაც საარჩევნო-საკანონმდებლო ცვლილებებში გამოიხატება, ტელევიზიების პროპაგანდისტული წნეხისგან გათავისუფლება და ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”აი ესაა ანტიკრიზისული პროგრამა, რომლის აღსრულება ხელისუფლებამ საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად უნდა განახორციელოს”.
მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად, როცა საქართველოში რუსული ძალები იმყოფებიან, ხელისუფლებასთან დაპირისპირების დრო არ არის.
თუმცა, მისი თქმით, ”დაშვებული შეცდომების გამო ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის უნდა დადგეს და ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს”.
”დღეს და ხვალ ვერც ქუჩაში გავალ და აქციებს ვერ დავიწყებ, მაგრამ თუ ხელისუფლებამ არ გაგვიგონა… თუ ხელისუფლება არ აიღო პასუხისმგებლობა, რაც მათ ეკუთვნით, არ აღიარა ის შეცდომები, რაც მან დაუშვა, სხვა გზა აღარ გვრჩება,”- აღნიშნა მან.
გაჩეჩილაძე ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ამ საკითხებზე მან პერსონალური პოზიციიდან ისაუბრა.