
სააკაშვილის ინიციატივა ”პატრიოტის აქტის” შესახებ
სააკაშვილმა 29 აგვისტოს განაცხადა:
• რუსეთს სურს ხელისუფლების შეცვლა;
• საჭიროა ”პატრიოტის აქტი”;
• თავისუფლებები არ შეიზღუდება;
• პარტიების დაფინანსება უნდა განახლდეს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება ”პატრიოტის აქტი”, რათა წინ აღუდგეს საგარეო ინტერვენციის გზით მთავრობის ჩამოგდების მცდელობას.
29-აგვისტოს საღამოს ფოთში, რომლის მისადგომებთან კვლავ დგას ორი რუსული ბლოკსაგუშაგო, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდება.
”ამ თავდასხმის მთავარი მიზანი ხომ ცხინვალის დაკავება არ იყო, რომელიც რეალურად პატარა პროვინციული ქალაქი იყო საქართველოსთვის, რუსეთს კი, საერთოდ არ გაუგია სად არის ცხინვალი,”- განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ”ამ თავდასხმის მიზანი იყო თბილისის აღება და ხელისუფლების დამხობა”.
მისი თქმით, რუსეთმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ სრულიად საჯაროდ განაცხადა – მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 აგვისტოს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ”სააკაშვილის რეჟიმი არანაირად არ შეესაბამება იმ მაღალ სტანდარტებს, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობაშია მიღებული”. რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ”ადრე თუ გვიან” ქართველი ხალხი ”ღირსეულ ხელისუფლებას” აირჩევს.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის აპირებს მიმართოს პარლამენტს წინადადებით ”პატრიოტის აქტის” მიღებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ეს ახალი კანონმდებლობა, რომლის დეტალებზეც მან ამ ეტაპზე საუბარი არ ისურვა, არანაირად არ შეზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს.
”ისეთ სტრუქტურას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც დემოკრატიის პირობებში, თავისუფლების უკლებლივ განხორციელების პირობებში, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო თავისუფლების შემდგომი განვითარების პირობებში, შექმნის სათანადო პირობებს, რათა უცხოეთიდან ვერ მოხდეს საქართველოს დესტაბილიზაცია,”- განაცხადა მან.
პირველად ქართველი დეპუტატები ”აშშ-ს პატრიოტული აქტის მსგავსი ტიპის” კანონმდებლობის შემუშავებაზე 2006 ზაფხულში, კოდორის მოვლენების დასრულებისთანავე ალაპარაკდნენ.
მაშინ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა როცა დაგმო ქართული ძალების მოქმედებები კოდორში ამბოხებული ემზარ კვიციანის წინააღმდეგ, მათ იმთავითვე მიაკერეს მმართველი პარტიის პოლიტიკოსებმა მოღალატეების იარლიყი. ამჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ, რომელიც მაშინ პარლამენტარი იყო, 2006 წლის 29 ივლისს განაცხადა, რომ საჭირო იყო საკანონმდებლო ინიციატივა ექსტრემიზმის, მათ შორის პოლიტიკური ექსტრემიზმის და სამშობლოს მოღალატური განცხადებების წინააღმდეგ იმის მსგავსი, რაც არსებობდა აშშ-ში "პატრიოტული აქტის" სახით და ასევე ისრაელში.
ეს თემა მას შემდეგ დავიწყებას მიეცა და დღემდე არავის გახსენებია.
29 აგვისტოს საღამოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა გადახედოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდა.
”დღეს, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობას აპირებს, აშკარაა, რომ იგი შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას გეგმავს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ამიტომ, პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ… მაგრამ გავაკონტროლოთ, რომ ერთი ქვეყნიდან [გულისხმობს რუსეთს] არ მოხდეს, ერთი მხრივ, დივერსიული აქტების განხორციელება, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა”.
პარლამენტმა ივლისში წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლითაც ექვს ოპოზიციურ პარტიას, რომელთაც დეპუტატის მანდატებზე უარი განაცხადეს, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყვიტა. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ცალსახად იქნა აღქმული, როგორც სადამსჯელო ოპერაცია იმ პარტიების მიმართ, რომელთაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს და ამის მიზეზად 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების ”გაყალბება” დაასახელეს.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ”გვქონდა დავა, მაგრამ ამ საკითხზე დავასრულოთ კამათი და მთლიანად მოვხსნათ ეს გაუგებრობა”.
მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კარგად მოიქცა რუსული აგრესიის დროს, თუმცა ”შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი მთლად ღირსეულად ვერ მოიქცა, რა თქმა უნდა, მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ”.
”ძირითადად, ეს ადამიანები ძალიან კარგად იქცეოდნენ და ეს მე დიდად დავაფასე,”- აღნიშნა მან.