ახალი ამბები

სააკაშვილი ჩინეთის მადლობელია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მადლობელია ჩინეთის პოზიციის, რომელმაც თავშეკავება გამოიჩინა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის მიმართ.

”მე მადლობელი ვარ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, რომელმაც ძალიან მკაცრი პოზიცია დაიკავა. ასევე შუა აზიის ქვეყნებმა დაიკავეს პოზიციები,”- განაცხადა სააკაშვილმა 29 აგვისტოს ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ფოთის შესასვლელში კვლავაც დგას ორი რუსული ბლოკსაგუშაგო.

29 აგვისტოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერებმა,  რომელიც აერთიანებს ჩინეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს, დუშანბეში გამართული შეხვედრის დასკვნითი დეკლარაცია გამოაქვეყნეს.

”შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას სამხრეთ ოსეთის საკითხის ირგვლივ უკანასკნელი პერიოდის დაძაბულობის გამო და მოუწოდებენ მხარეებს გადაჭრან არსებული პრობლემები მშვიდობიანად, დიალოგის გზით და ეცადონ წინ წაწიონ შერიგების და მოლაპარაკებების პროცესი,"- განაცხადა ორგანიზაციამ.

თუმცა დეკლარაცია ასევე მიესალმა რუსეთის ”პოზიტიურ როლს” რეგიონში მშვიდობის ხლის შეწყობის საქმეში.

”შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერები მიესალმნენ ექვს-პუნქტიან წინადადებას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომელიც მიღწეული იქნა მოსკოვში 12 აგვისტოს და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა რუსეთის პოზიტიური როლის მიმართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში,”- ნათქვამია დეკლარაციაში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”სრულიად მსოფლიო” გაერთიანდა რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ.

”რუსეთის ამ სამარცხვინო აღიარებას, რუსეთის გარდა არავინ არ ეთანხმება. თუკი ვინმე დაეთანხმება იქნება ერთი-ორი მათივე კუდი – არშემდგარი სახელმწიფო,”- განაცხადა მან, ”დღეს რუსეთი იზოლირებულია, როგორც არასდროს”.

Back to top button