ახალი ამბები

საქართველომ რუსული სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტის მექანიზმები აამოქმედა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის 27 აგვისტოს განკარგულებით დაიწყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის ძალების საქართველოდან გაყვანის მიზნით რუსეთთან დადებული შეთანხმებების გაუქმების პროცედურები.

აფხაზეთის შემთხვევაში საუბარია ”ცეცხლის შეწყვეტისა და  ძალთა  დაშორიშორების  შესახებ" 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადების, ხოლო სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში  ”ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ” 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.

ორივე ეს ხელშეკრულება კონფლიქტურ რეგიონებში რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ყოფნის მთავარ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. 

28 აგვისტოს მიღებულ დადგენილებაში პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ამ ხელშეკრულებების გაუქმება გამოაცხადა რა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსული ჯარი ოკუპანტებად.

თუმცა პრემიერ-მინისტრის 27 აგვისტოს განკარგულებით, რომელიც რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ პარლამენტის 2006 წლის 18 ივლისის დადგენილებას ეფუძნება, უკვე დავალებული ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს ეცნობებინა დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტისთვის საქართველოს სურვილის შესახებ შეწყდეს ამ ორგანიზაციის ეგიდით აფხაზეთში მიმდინარე რუსული სამშვიდობო ოპერაცია.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს დაევალა განცხადების გაკეთება 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების ძალადაგარგულად გამოცხადების თაობაზე, რომელიც განკარგულების თანახმად,  ”ავტომატურად ჩაანაცვლა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ ”ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.”

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ეკა ტყეშელაშვილს დავალებული აქვს გაუგზავნოს შეტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და ასევე მოითხოვოს სამშვიდობოების ”დაუყოვნებელი გაყვანა”.

თემურ იაკობაშვილს კი, განკარგულების თანახმად, ევალება განცხადების გაკეთება შერეული საკონტროლო კომისიიდან (შსკ) საქართველოს გამოსვლის თაობაზე.

შსკ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე მოლაპარაკებათა ოფიციალური ფორმატი იყო, რომელშიც შედიოდნენ ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები.

შსკ, ისევე როგორც შერეული სამშვიდობო ძალები – ქართული, რუსული და ჩრდილოეთ ოსური ბატალიონების შემადგენლობით – 1992 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა.
 
განკარგულების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების შესახებ ოფიციალურად უნდა აცნობოს გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირს ”საქართველოს ოფიციალური პოზიციის განმარტებით”.

2006 წლის ივლისის დადგენილება, პარლამენტის მიერ რიგით მე-6 გადაწყვეტილება იყო, რომელიც მოუწოდებდა მთავრობას დაეწყო პროცედურები რუსი სამშვიდობოების გასაყვანად. სამი ასეთი დადგენილება პარლამენტმა სააკაშვილის მმართველობის დროს მიიღო. პრემიერ-მინისტრის 27 აგვისტოს განკარგულების გამოცემის შემდეგ პარლამენტის მიერ 28 აგვისტოს მიღებული დადგენილება უკვე მეშვიდე დოკუმენტია, რომელიც ასევე ითხოვს საბაზისო ხელშეკრულებების გაუქმებას.

ივნისში, ორი თვით ადრე, ვიდრე საქართველოში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყებოდა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაია განაცხადა, რომ თბილისი დათანხმდა გადაედო რუსი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნა იმ პირობით, რომ ევროკავშირი და აშშ ამ საკითხზე თავიანთ ზეგავლენას გამოიყენებდნენ მოსკოვთან მიმართებაში.

”ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა პირდაპირ გვთხოვეს, რომ მივცეთ მათ რუსებთან მუშაობის შესაძლებლობა,” – განაცხადა ლომაიამ 23 ივნისს.

 

 

Back to top button