ახალი ამბები

რუსეთის ჯარები დევნილების დაბრუნებას დაბრკოლებას უქმნიან – გაეროს წარმომადგენელი

გორის ჩრდილოეთით განლაგებული რუსული ბლოკსაგუშაგოები წარმოადგენენ დაბრკოლებას ჰუმანიტარული საქმიანობისათვის, განუცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს 28 აგვისტოს.

პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის ამერიკისა და ევროპის განყოფილების დირექტორმა ელიზაბეტ სპეჰარმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 18 ბლოკსაგუშაგო გახსნეს გორსა და სამხრეთ ოსეთს შორის ტერიტორიებზე, რაც წარმოადგენს დაბრკოლებას არა მხოლოდ ჰუმანიტარული საქმიანობისათვის, არამედ დევნილი ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ სახლებში ცდილობენ დაბრუნებას.

”გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა  (UNHCR) გამოთქვა შეშფოთება ცნობებზე იმის შესახებ, რომ ადამიანების ახალი იძულებითი გადაადგილება განაპირობეს შეიარაღებულმა მარადიორებმა გორის ჩრდილოეთით, სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ადგილებიდან,”- განაცხადა მან.

UNHCR-ის ინფორმაციით, 1 200 ადამიანი ბრძოლების შედეგად აოხრებული იმ სოფლებიდან, რომლებიც 26 კმ-იანი სიფართის ბუფერულ ზონაში მდებარეობენ გორსა და სამხრეთ ოსეთს შორის, დარეგისტრირდა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი გორის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.  მათ შორის არიან ბუფერული ზონის სოფლებიდან ახლახანს გამოქცეული ადამიანები და ისინიც, რომლებიც დაბრუნებას ცდილობდნენ, თუმცა კვლავ აიძულეს უკან დაეხიათ.

დევნილების ახალი ნაკადი ყვება ბუფერული ზონის სოფლებში მოთარეშე შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან დაშინების, ცემის და ძარცვის ისტორიებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა განაცხადა თავის პრეს-რელიზში, რომ გორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის სოფლებიდან დევნილებს ”ვერ წარმოუდგენიათ უახლოეს პერიოდში დაბრუნება. მათ სოფლებსა და სახლებში კვლავაც რჩება აუფეთქებელი კასეტური ბომბები და ნაღმები”. 

გუშინ უშიშროების საბჭოს რიგით მეექვსე საგანგებო სხდომა შედგა საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, წინა ხუთი სხდომის მსგავსად, ვერც ახლა იქნა მიღებული რეზოლუცია ან რაიმე განცხადება.

”როიტერის” შეფასებით, სხდომა გამოირჩეოდა ”ცივი ომის ტიპის შეურაცხმყოფელი განცხადებების გაცვლით გაეროში აშშ-სა და რუსეთის ელჩებს შორის”.

სხდომაზე მხოლოდ სამხრეთ აფრიკის ელჩმა დუმისანი კუმალომ დაუჭირა მხარი რუსეთის ინიციატივას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მიწვევის თაობაზე. ”როიტერის” ცნობით, ჩინეთის დელეგაციამ, რომელიც რუსეთის ტრადიციული მოკავშირეა უშიშროების საბჭოში, ამ საკითხზე პოზიციის გამოთქმას დუმილი არჩია.

იმავდროულად, გაეროს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლები აფხაზეთში მოწმენი გახდნენ რუსული ძალების და სამხედრო ტექნიკის ფართომასშტაბიანი უკან დახევის საქართველოდან აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, განუცხადა სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ევროპისა და ლათინური ამერიკის განყოფილების დირექტორმა ვოლფგანგ ვეისბროდ-ვებერმა უშიშროების საბჭოს.
 
მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზური ძალები აგრძელებენ სოფლების  – განმუხურისა და ხურჩას კონტროლს ცეცხლის შეწყვეტის ხაზის ქართულ მხარეს. ორივე ამ სოფელს ქართული ადმინისტრაცია აკონტროლებდა კონფლიქტის დაწყებამდე.

Back to top button