ახალი ამბები

რუსებმა 12 ქართველი სამხედრო ტყვე ასლან აბაშიძის ბრიგადის მეთაურში გაცვალეს

რუსული მხარის მიერ დატყვევებული 12 ქართველი სამხედრო აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის მომხრე ბრიგადის მეთაურის რომან დუმბაძის ციხიდან გაშვების სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

22 ქართველი სამხედრო რუსულმა ძალებმა ფოთში 18 აგვისტოს დააკავეს, თუმცა ათი მათგანი 22 აგვისტოს გაათავისუფლეს. 12 სამხედრო დღემდე კვლავ რუსული ძალების ხელში რჩებოდა, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, გალის ტერიტორიაზე ჰყავდათ ტყვეობაში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი თარგამაძემ, რომელიც ქართული მხრიდან ტყვეთა გაცვლის პროცესს კურირებს, განაცხადა, რომ რუსმა გენერალმა ალექსანდრე ბორისოვმა სამშობლოს ღალატში ბრალდებული რომან დუმბაძის ციხიდან გამოშვება პირადად მოითხოვა.

”ამჟამად დუმბაძე არის გადაცემული ბორისოვისთვის და რამდენადაც მე ვიცი, ისინი უკვე მიემგზავრებიან რუსეთში,”- განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს, ”მიგვირთმევია მათთვის ეს მოღალატე, ჩაეხუტონ გულში. ვფიქრობ, ღირს თითოეული გადარჩენილი მოქალაქის თუ ჯარისკაცის სიცოცხლე იმად, რომ ეს ერთი ნაძირალა, ქვეყნის მოღალატე წავიდეს და იცხოვროს იქ”.

ასლან აბაშიძის მთავარი სამხედრო მოკავშირე, ბათუმში დისლოცირებულ 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით ბათუმის იზოლატორში იხდიდა სასჯელს. მას  17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

დუმბაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც 2004 წლის აპრილში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობების უკიდურესად დაძაბულობის დროს მან უარი განაცხადა დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და საჯაროდ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ ასლან აბაშიძის ინტერესებს გაატარებდა.

Back to top button