
კუშნერი ეთნიკურ წმენდაზე საუბრობს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა 27 აგვისტოს რადიო ”Europe 1”-ს განუცხადა: ”გარკვეულწილად, დიახაც, ადგილი აქვს ეთნიკურ წმენდას” ქართულ სოფლებში, იუწყება Associated Press.
საინფორმაციო პორტალი EUobserver.com ასევე იუწყება, რომ ”France 2”-თან სატელევიზიო ინტერვიუში 26 აგვისტოს კუშნერმა აჩვენა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რუქა, მიანიშნა ქალაქ ახალგორზე და განაცხადა: ”ამ ღამით, რუსული ჯარები შედიან იქ, ქართველებს იძულებით დევნიან საზღვრებს გარეთ, ეს ეთნიკური წმენდაა”.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა 27 აგვისტოს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ორი თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
”ჩვენ ვერ მივიღებთ საერთაშორისო სამართლის ამგვარ დარღვევას, ეუთოს, გაეროს რეზოლუციების გვერდის ავლით და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო გზით დაკავებას,”- იუწყება Associated Press-ი კუშნერის სიტყვებზე დაყრდნობით.