
ილია მეორე მოუწოდებს რუსეთის ლიდერებს არ დააკანონონ სეპარატისტების დამოუკიდებლობა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს არ დააკანონონ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს 25 აგვისტოს გადაწყვეტილებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.
”საქართველოდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოყოფა მეტად საშიშია თვითონ რუსეთისათვის. ეს მისცემს ბიძგს თქვენს ქვეყანაშიც სეპარატიზმის განვითარებას და მომავალში თქვენ გაცილებით მეტი პრობლემები გექნებათ, ვიდრე ეს დღეს საქართველოშია. ამაზე ღირს დაფიქრება,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ილია მეორე ასევე აღნიშნავს, რომ რუსი კანონმდებლების მიერ მიღებული ”დადგენილება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილებაა”.
”იმ დროს, როცა უკვე დაიღვარა ოსების, რუსების, ქართველების სისხლი, ჩვენს შორის ვითარების კიდევ უფრო გამწვავება დაუშვებელია,”- ნათქვამია განცხადებაში