ახალი ამბები

რუსმა სენატორებმა საქართველოში რუსული ძალების გაზრდას დაუჭირეს მხარი

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ 25 აგვისტოს თანხმობა მისცა დამატებითი ”სამშვიდობო” კონტიგენტების გამოყენებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში.

”ამ კონტიგენტის რაოდენობას და დისლოკაციის ადგილს რუსეთის პრეზიდენტი განსაზღვრავს,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” სერგეი მირონოვის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში არ გამართავს არანაირ მოლაპარაკებებს ”სამშვიდობო” კონტიგენტის ინტერნაციონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა თანახმაა ეუთოს დამკვირვებლები დააკვირდნენ ადგილზე მიმდინარე პროცესებს.

”რუსული ძალები დარჩებიან სამხრეთ ოსეთსა და მიმდებარე რაიონებში,”- იუწყება ”ინტერფაქსი” მირონოვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”რუსეთმა ჩამოაყალიბა სამხედრო კონტროლის ახალი სისტემა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში”.

იმავდროულად, რუსეთის გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 25 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააფრთხილა, რომ რუსეთი გაზრდის თავის ძალებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, თუ აშშ გადაწყვეტს ქართული არმიის ხელახლა შეიარაღებას. 

ნოგოვიცინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს 2 412 ჯარისკაცი ეყოლება აფხაზეთში ”სამშვიდობო მისიის” ფარგლებში. მან ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარების რაოდენობა არ დაასახელა და აღნიშნა, რომ ის მოგვიანებით განისაზღვრება. 

 

Back to top button