ახალი ამბები

ვითარება დაძაბულია ახალგორში – ლომაია

ვითარების ესკალაციის საფრთხე არსებობს ახალგორის რაიონულ ცენტრში, რომელსაც ამჟამად ”უკანონო ოსური ბანდფორმირებები” აკონტროლებენ, განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ 25 აგვისტოს საღამოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას მან განაცხადა, რომ ამ ბანდფორმირებების მიერ მოსახლეობის დატერორების შესახებ ინფორმირებული არიან დასავლელი პარტნიორები და ”ენერგიულ ზომებს” მიმართავენ, რომ არ დაუშვან ვითარების ესკალაცია და აიძულონ რუსები უკანონო ბანდფორმირებები დააბრუნონ ცხინვალში.

”ჩვენ ვიცავთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების უკლებლივ ყველა პუნქტს, მაგრამ თუ ამ უკანონო ბანდფორმირებებმა გააგრძელეს მოსახლეობის ძაცვა-გლეჯა და დაშინება და მითუმეტეს თუ გააგრძელეს მოძრაობა სამხრეთისკენ, სხვა დასახლებებისკენ, რომელშიც აღდგა საქართველოს ცენტრალური იურისდიქცია [შევიდა ქართული პოლიცია], მათ საკადრისი პასუხი გაეცემათ,”- განაცხადა ლომაიამ.

ახალგორის რაიონი მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში შედიოდა, ის საქართველოს ცეტრალური ხელისუფლების კონტროლიდან არასოდეს გამოსულა. თუმცა შეიარაღებული კონფლიქტის დროს, გავრცელებული ინფორმაციით, ოსი სეპარატისტები შევიდნენ რაიონში და ქართული ადმინისტრაცია განდევნეს. რაიონი დასახლებულია როგორც ქართული, ისე ოსი მოსახლეობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button