
გამყრელიძე ხელისუფლებას ადეკვატურობისკენ მოუწოდებს
საქართველოს ხელისუფლებამ არათუ უნდა დააკნინოს, არამედ ადეკვატურად იმოქმედოს იმ საფრთხისა, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებას უკავშირდება, განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ დღეს მიიღო მიმართვა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობისკენ მოუწოდებს.
”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა – ახლა უკვე იურიდიულად,” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძემ, ”მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს წაუყრუოს ამ ფაქტს და მისი მნიშვნელობა გარკვეულწილად შეამციროს. მაშინ როდესაც მე მიმაჩნია, რომ ეს არის უკვე პირდაპირი ანექსია და საქართველოს სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა, რასაც უნდა მოჰყვეს ადეკვატური ქმედებები”.
გამყრელიძემ ჩამოთვალა ის ”ადეკვატური” ზომები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია აამოქმედოს რუსეთის მიერ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების შესაძლო აღიარების წინააღმდეგ. კერძოდ: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან; აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში განლაგებულ რუსს ე.წ. სამშვიდობოებს გამოაცალოს იქ ყოფნის იურიდიული საფუძველი და ოფიციალურად მიანიჭოს საოკუპაციო ჯარის სტატუსი; მიმართოს დიდი რვიანის ქვეყნებს გარიცხონ რუსეთის ამ ჯგუფიდან; მოითხოვოს ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვა; მიმართოს ძალისხმევა, რათა გაეროს გენერალურ ასამბლეის ფორმატში დაიგმოს რუსეთის ეს შესაძლო ნაბიჯი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დავით გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდება ”უსუსურ და უუნარო მდგომარეობაში” საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის საკითხში.