
რუსი სამხედროები ფოთის პატრულირებას გეგმავენ
რუსული ძალები ქალაქ ფოთის პატრულირებას განახორციელებენ, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 23 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პატრულირება მაინც განხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ ფოთი ”უსაფრთხოების ზონაში” არ შედის. ”უაფრთხოების ზონის” ფარგლებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს განსაზღვრავს მოსკოვის 1994 წლის შეთანხმება.
”ფოთი არ შედის უსაფრთხოების ზონაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიჯდებით ღობის იქით და ვუყურებთ, როგორ დადიან ისინი ჰამერებით,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” ნოგოვიცინის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან ასევე განაცხადა, რომ პატრულირება განხორციელდება ფოთის მისადგომებთან მდებარე რუსული ძალების საბაზო ბანაკებიდან და რომ რუსული ძალები ”ადგილზე არსებული სიტუაციის შესაბამისად იმოქმედებენ”.
რუსულმა ძალებმა ფოთის მახლობლად მუდმივი საგუშაგო გახსნეს, რომელსაც ჯავშანმანქანები ამაგრებენ.
იმავდროულად, რუსული საგუშაგო განთავსებულია სენაკთან, სოფელ თეკლათში – გზასთან, რომელიც სენაკს ფოთთან და ზუგდიდთან აკავშირებს. სენაკის სამხედრო ბაზა რუსმა სამხედროებმა შაბათ დილით დატოვეს.