
ბურჯანაძე აშშ-ს ესტუმრება
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 23 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატებში გაემგზავრება, იტყობინება მისი პრესსამსახური.
ბურჯანაძე, რომელიც ამჟამად დემოკრატიისა და განვითარების ფონდის პრეზიდენტი და დამფუძნებელია, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება ბურჯანაძის ფონდის პრესსამსახური დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლებთან.
იმავდროულად, 23 აგვისტოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ასევე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, უსუფაშვილი ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონგრესში, ლიდერების საერთაშორისო ფორუმში და მსოფლიოს ლიბერალური პარტიების ხელმძღვანელების კონფერენციაში.
ნინო ბურჯანაძემ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ამჟამად პრიორიტეტულია რუსული ძალების გაყვანა, თუმცა ხელისუფლებას მოუწევს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა კონფლიქტის მიზეზებთან დაკავშირებით.
”ვშიშობ ხელისუფლებისთვის არ იქნება ადვილი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა,” – განაცხადა ბურჯანაძემ ”როიტერთან” ინტერვიუში.
20 აგვისტოს გავრცელებულ პრეს-რელიზში ფონდი იტყობინებოდა, რომ მისი მრჩეველთა საბჭო საგანგებოდ შეიკრიბა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაფართოებულ, დახურულ ფორმატში იმსჯელა. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ექსპერტებმა გამოთქვეს თავიანთი უკიდურესი შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, იმსჯელეს შექმნილი კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე და მოსალოდნელ შედეგებზე.
”რა თქმა უნდა, მოვლენების სწორი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ სწორად მოხდეს მომავალი ნაბიჯების განსაზღვრა,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სხდომაზე. ”მაგრამ, ამ ეტაპზე, გთხოვთ აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ ურთულესი ვითარებიდან. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ შევაჯეროთ კომპეტენტური და ობიექტური ანალიზი და უახლოეს დღეებში დავდოთ პრობლემათა მოგვარების და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული მექანიზმები და რეკომენდაციები“.