ახალი ამბები

რუსეთი ფოთზე და სენაკზე კონტროლის დამყარებას გეგმავს

რუსული სამხედრო რუქა, რომელიც საქართველოში მათი ძალების დაგეგმილ განლაგებას ასახავს, იმაზე მიანიშნებს, რომ რუსული ჯარები არ აპირებენ სენაკის და ფოთის კონტროლზე უარის თქმას.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუქა წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით, დეტალურად განსაზღვრავს, თუ რა იქნება რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა.

ამაში შედის საგუშაგოები ნაბადაში, ფოთის მისადგომებთან და სენაკში, რომელიც ფოთიდან 40 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. სენაკი არ არის მოქცეული 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებით განსაზღვრულ არათუ უსაფრთხოების ზონაში, არამედ მის გარშემო არსებულ შეზღუდული შეიარაღების ზონაშიც. ამ შეთანხმების მიხედვით, რუს სამშვიდობოებს საგუშაგოების განთავსების უფლება აქვთ 12 კმ-იან უსაფრთხოების ზონაში – ადმინისტრაციული საზღვრიდან 6 კმ აფხაზეთის მხარეს და 6 კმ ქართულ მხარეს.

საქართველოს მთავარი სამხედრო ბაზა და სტრატეგიული აეროდრომი, რაც რუსულმა ჯარებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს, სწორედ სენაკშია განთავსებული.

”სენაკის აეროდრომიც რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში შედის,” – განაცხადა ნოგოვიცინმა.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსული ძალების ”პასუხისმგებლობის ზონაში” შედის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან სამხრეთით მდენარე ტერიტორია. სამხრეთით ეს ხაზი საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს გადის და გზის გარკვეულ მონაკვეთზე (გორის აღმოსავლეთით – შავშებთან და დასავლეთით – აგარასთან) კვეთს კიდეც მაგისტრალს, მაგრამ მასში ქალაქი გორი არ შედის.

”დღეს ჩვენი ძალები პასუხისმგებლობის ამ ზონებისკენ დაიხევენ,” – განაცხადა ნოგოვიცინმა.

რუსულმა ძალებმა უკვე დაიწყეს თავიანთი საგუშაგოების და ბლოკპოსტების მოხსნა საქართველოს ტერიტორიიდან, მათ შორის გორიდან და იგოეთიდან. თუმცა, ფოთიდან მათი გასვლის რაიმე ნიშნები არ ჩანს.

”არ დავუშვებთ არც ჩვენ და არც მსოფლიო, რომ ასე პრობლემის გარეშე შეუძლიათ გაიფართოონ თავიანთი არეალი,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 22 აგვისტოს.

22 აგვისტოს ასევე გახდა ცნობილი, რომ რუსეთს აფხაზეთში 2 142 ჯარისკაცი ეყოლება სამშვიდობო მისიის ფარგლებში.

ნოგოვიცინის თქმით, 109 ჯავშანმანქანა (APC) – BTR-80 და BTR-70; თოთხმეტი BTR-R145 ტიპის APC და ოთხი დაჯავშნული საპატრულო მანქანა BRDM, ასევე 34 ნაღმტყორცნი დარჩება აფხაზეთში. მისი თქმით, სამხედრო შენაერთს ასევე ეყოლება ორი Mi-24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი და ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი.

Back to top button