
ეუთოს 20 დამკვირვებელი კვირის ბოლოს ჩამოვა
ეუთოს 20 დამკვირვებელი სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე კვირის ბოლოს განთავსდება, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა 22 აგვისტოს თბილისში.
თუმცა, მათი განლაგების ზუსტი ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
კონფლიქტის განახლებამდე ეუთოს დამკვირვებლები ცხინვალში იყვნენ განლაგებული და კონფლიქტის ზონას აკონტროლებდნენ. ეს ზონა ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსის ტერიტორიას მოიცავს.
სტუბმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გასულ კვირას დაპირდა მას, რომ პრობლემა არ იქნება, რომ ეუთოს დამკვირვებლები კვლავ შევიდნენ ცხინვალის გარშემო არსებულ ტერიტორიებზე.
”ამრიგად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა სამწუხაროდ ზუსტ თარიღს [როდის მოხდება დამკვირვებელთა განლაგება] ვერ დავასახელებ,” – განაცხადა სტუბმა თავის ქართველ კოლეგასთან ეკა ტყეშელაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დამკვირვებელთა განთავსება მნიშვნელოვანი იქნება, რათა, ერთის მხრივ, მოხდეს ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლება, ხოლო მეორე მხრივ, ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მიეწოდოთ ”ობიექტური ინფორმაცია” ადგილიდან.
”ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მყიფეა და ამიტომაც მთელი ჩვენი მცდელობები ძალების გაყვანისკენ უნდა მივმართოთ,” – განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა ფართო დისკუსიებში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით.
”ჩვენ უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვაწყოთ რეგიონის სტაბილიზაციის მომავალი; როგორ და რა ტიპის საერთაშორისო სამშვიდობოები უნდა შევიდნენ იქ; როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური პროცესი; გვეყოლება თუ არა წარმომადგენელი რეგიონში; რა არის რეგიონის გრძელვადიანი პერსპექტივა,” – განაცხადა მან.
”ჩვენ უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ შეძლებს საერთაშორისო თანამეგობრობა – ამერიკელები, გაერო, ევროკავშირი, ეუთო, რუსები და სხვები – ამ კონფლიქტის მოგვარებას და რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციას გრძელვადიანი პერიოდით,” – დასძინა სტუბმა.