
რუსულმა ძალებმა ზუგდიდში ადმინისტრაციული შენობები დატოვეს
რუსულმა ძალებმა უკვე დატოვეს ზუგდიდის ადგილობრივი ქართული ადმინისტრაციის შენობები, ასევე ადგილობრივი პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმის შენობები, იტყობინება ქართული მედია.
რუსული ძალები ასევე გავიდნენ ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციიდან.
ზუგდიდში განთავსებული ობიექტები რუსულმა ძალებმა 11 აგვისტოს, ადგილობრივი პოლიციის განიარაღების შემდეგ დაიკავეს.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები კვლავ ინარჩუნებენ საგუშაგოებს ქალაქში და აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ზუგდიდი 12-კილომეტრიან უსაფრთხოების ზონაში მდებარეობს – 6 კმ აფხაზეთის მხარეს და 6-ის ქართულ მხარეს – რომელიც 1994 წლიდან მოყოლებული რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშაა.
ამავდროულად, ქართული მედია ასევე იტყობინება, რომ რუსული ძალები თითქოს გადიან იგოეთის საგუშაგოდან. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგოეთთან განლაგებული შვიდი ჯავშანმანქანა ახალგორის მიმართულებით დაიძრა. რუსმა ოფიცერმა იგოეთთან უთხრა ქართველ ჟურნალისტებს, რომ ძალები უკან იხევენ. თუმცა, ზოგიერთი მათგანი კვლავ რჩება ადგილზე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფოთიდან და სენაკიდან რუსული ძალების გასვლის ნიშნები არ ჩანს. არც ფოთი და არც სენაკი რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში არ შედის.