
ეროვნულმა ბანკმა ძირითადი განაკვეთი 11%-მდე შეამცირა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის 11%-მდე შემცირების თაობაზე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, ლიკვიდურ რესურსებზე მოთხოვნის გაზრდისა და ეკონომიკური აქტივობის შესაძლო შენელების გამო, მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის გარკვეული შერბილება. ”ზემოაღნიშნული მოვლენების შედეგად, ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკის მიმართ გაურკვევლობა გაზრდილია,” – განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
”იმ დაშვებების გათვალისწინებით, რომ არ მოხდება დაძაბულობის კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, არსებული პოლიტიკის განაკვეთი შესაბამისობაშია წლის ბოლოსათვის ინფლაციის 8 პროცენტის ფარგლებში მოქცევის ამოცანასთან,” – განაცხადა ბანკმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საბანკო სისტემამ გამოავლინა მდგრადობა კრიზისული სიტუაციის მიმართ. ”ამასთან, გაზრდილი რისკების გამო სესხების ზრდის ტემპის შენელებას ექნება ადგილი, რაც შეამცირებს ინფლაციურ ზეწოლას,” – აცხადებს ბანკი.
”საინვესტიციო გარემოს გაუარესების გამო, სავარაუდოდ, კაპიტალის შემოდინება, წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად შენელდება,” – აცხადებს ეროვნული ბანკი.