
რუსეთი ეწინააღმდეგება გაეროში საფრანგეთის ინიცირებულ რეზოლუციას
რუსეთმა უარყო საფრანგეთის მიერ მომზადებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცის პროექტი საქართველოს შესახებ იმ მოტივით, რომ ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ექვსი პუნქტიდან მხოლოდ ორს ასახავს.
რეზოლუციის პროექტი, რომელსაც უშიშროების საბჭოს წევრების უმეტესობამ დაუჭირა მხარი, ”მხარეების მიერ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული და დაუყონებლივი შესრულებისკენ” მოუწოდებს.
იგი ასევე შეიცავს მოწოდებას ”რუსული ძალების დაუყონებლივ გაყვანისკენ იმ პოზიციებზე, რომელიც მათ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეკავათ და ქართული ძალების დაბრუნებისკენ თავიანთი დისლოკაციის ადგილებში” – როგორც ამას ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს.
თუმცა, რეზოლუციის პროექტი ასევე შეიცავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – რაც არ არის ასახული ექვსპუნქტიან შეთანხმებაში.
რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი შეიცავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავდაპირველი ვერსიის ”ხელმეორედ ინტერპრეტირებას პროპაგანდის მიზნით”.
”კონტრპროდუქტიულია გეგმის ცალკეული ელემენტების დაყოფა და მათი პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ინტერპრეტირება,” – განაცხადა მან 19 აგვისტოს უშიშროების საბჭოში გამართული განხილვების დროს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ექვსპუნქტიანი გეგმა მკაფიოდ უნდა აისახოს რეზოლუციის პროექტში.