ახალი ამბები

ოსურ მხარეს 133 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა საომარ მოქმედებებს

133 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე წარმოებულ საომარ მოქმედებებს, აცხადებს რუსეთის პროკურატურა.

”მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრი სამარხი, რომელთა გახსნაც არ შეგვიძლია,”- იუწყება 20 აგვისტოს ”ინტერფაქსი”  რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ბორის სალმაკსოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

ოფიციალური მოსკოვი შეიარაღებული კონფლიქტის პირველ დღეებში ამტკიცებდა, რომ ”ქართულ აგრესიას” 2 ათასი სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამ ციფრით აპელირებდა ასევე რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი, როცა უშიშროების საბჭოზე თბილისის მიერ განხორციელებულ ”გენოციდს” ამტკიცებდა.

თბილისმა ამ ეტაპზე ქართულ მხარეს გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანი დაასახელა, საიდანაც 69 მშვიდობიანი მოქალაქეა. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემი კიდევ გაიზრდება.

რუსეთის პროკურატურის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მათ აღმოაჩინეს და დაათვალიერეს 51 ქართველი სამხედროს გვამი, რათა ”არ წარმოიქმნას შემდგომში ვარაუდები, რომ მათზე შეინიშნება შეურაცხყოფის ნიშნები”.

სალმაკსოვის თქმით, რუსეთის პროკურატურამ ”მკვლელობისა” და ”გენოციდის” მუხლებით უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

Back to top button