
რუსეთი ’ბუფერული ზონის’ რამოდენიმე დეტალს ახმოვანებს
რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის მიდამოებში მდებარე ”უსაფრთხოების ზონაში” საგუშაგოების ორ წყებას შექმნიან, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 20 აგვისტოს.
”სამშვიდობო მანდატის ფარგლებში ჩვენ ვქმნით საგუშაგოების ორ ზოლს,” – იტყობინება ”იტარ-ტასი” ნოგოვიცინის სიტყვებზე დაყრდნობით, ”პირველ ხაზში შევა რვა საგუშაგო რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონის ხაზის გასწვრივ. მეორე ხაზი კი, რომელშიც 10 საგუშაგო შევა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განთავსდება. სულ, პირველ ხაზზე რვა საგუშაგოზე 272 ჯარისკაცი იმსახურებს”.
”ამ ორ წყებას შორის ბუფერული ზონა იქნება,” – დასძინა მან.
მან დეტალებზე ან ზონის ზუსტ ტერიტორიაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა, განაცხადა, რომ ქალაქი გორი ამ ზონაში არ შევა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება და ასევე საგარანტიო წერილი-განმარტება, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა, სანამ ეს უკანასკნელი ხელს მოაწერდა მას, განსაზღვრავს, რომ რუსულ ძალებს შეუძლიათ ”დამატებითი უსაფრთხოების ზომების” განხორციელება, მათ შორის პატრულირების ფორმით, სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს. ამ ტერიტორიაში ”არცერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრი არ შევა – მე მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით ქალაქი გორი”, აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი წერილში და ასევე დასძენს: ”განსაკუთრებული შეთანხმებები უნდა იქნას მიღებული, რათა გარანტირებულ იქნას თავისუფალი მოძრაობა და საგზაო და სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოში”.
თავის განცხადებაში, ნოგოვიცინმა ასევე ახსენა სამშვიდობო ძალების ”პასუხისმგებლობის ზონა”. წლების წინ მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად, ეს ზონა მოიცავს 140 ოსურ და 130 ქართულ სოფელს და სამხრეთით ეს ხაზი საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს გადის და გზის გარკვეულ მონაკვეთზე(გორის აღმოსავლეთით – შავშვებთან და დასავლეთით – აგარასთან) კვეთს კიდეც მაგისტრალს, მაგრამ მასში ქალაქი გორი არ შედის. თუმცა, უცნობია თავის განცხადებაში რუსი სამხედრო ამ კონკრეტულ ”პასუხისმგებლობის ზონას” გულისხმობდა თუ სხვა ახალ მოქმედების არეალს.