ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, გორიდან რუსული ძალების გაყვანის ნიშნები გაჩნდა

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს გორში ორი საგუშაგო მოხსნეს, განაცხადა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა დღეს დილით გორიდან.

ერთი საგუშაგო გორის სამხრეთით, მდინარე მტკვარზე მდებარე ხიდიდან მოისხნა, ხოლო მეორე – ქალაქის დასავლეთით მდინარე ლიახვზე მდებარე ხიდიდან. ამავე ინფორმაციით, ისევ დარჩა ორი საგუშაგო გორის ჩრდილოეთ შესასვლელთან.

რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიურო ასევე იტყობინება შიდა ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ”სრული გასვლა” არ არის, რუსული ძალების ”გაყვანის რეჟიმში იმყოფებიან”.

ამავრდოულად, ოსიაურის სამხედრო ბაზის მახლობელი ტერიტორიების მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მათ დღეს დილით საშინელი აფეთქების ხმა გაიგეს, რომელიც სამხედრო ბაზიდან მოდიოდა. გასულ ღამეს, მათივე თქმით, ასევე გაისმა შედარებით მცირე აფეთქებების ხმები. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რუსული ძალები სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ.  

ამასთან, Civil.ge-ს ორმა სხვადასხვა წყარომ აცნობა, რომ საჩხერის რაიონში, ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე ქართულ სოფელ პერევში ჯავის მხრიდან ასევე დგანან რუსი სამხედროები. თუმცა ისინი სოფელში ამ დრომდე არ შესულან. თვითმხილველთა თქმით, რუსი სამხედროები ასევე დგანან სოფელ პერევამდე არსებული ქართული სოფლებიდან კიდევ ერთი ოსური სოფლისკენ – ქარძმანისკენ – შემავალ გზაზზე, სადაც ისინი სანგრებს თხრიან.

Back to top button