
სააკაშვილი: ნატო ძლიერ სიგნალს გვიგზავნის
პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა ნატოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს დააჩქარებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს.
19 აგვისტოს გვიან ღამით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ მილიბანდთან ერთად გამართულ პრესკონფერენიაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ”მოხარულია”, რომ შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია და დასძინა, რომ ამას მოყვება საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ”დაჩქარებული” პროცესი.
ახალ ფორმატზე საუბრისას, მან შეცდომით თქვა რუსეთ-საქართველოს კომისია, ნატო-საქართველოს კომისიის მაგივრად, თუმცა მაშინვე გამოასწორა და დასძინა: ”ჩემი სურვილია, რომ რუსეთთან ყოფილიყო ეს, მაგრამ ეს ასე არ არის”.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში 19 აგვისტოს გამართულ საგანგებო სხდომაზე საქართველოსთვის მთელ რიგ წინადადებებზე შეთანხმდნენ, მათ შორის ქვეყნისთვის კონფლიქტის შემდგომი დახმარების პროგრამებზე.
”მე ვფიქრობ, ნატომ ძალიან ძლიერი სიგნალი გააკეთა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შესახებ და რუსეთის ოკუპაციის, ჩემი მოსახლეობის, მათი ქონების და საქართველოს ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ჩვენ მოხარული ვართ ბრიუსელში გაკეთებული ძლიერი განცხადებების გამო”.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 19 აგვისტოს შეხვედრა იყო ”მნიშვნელოვანი”, რადგანაც იქ დაფიქსირდა ერთიანი პოზიცია რუსეთის უარის მიმართ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები მათი დისლოკაციის ადგილებზე.
მისი თქმით, ”ძალების უზენაესობამ” არ უნდა შეცვალოს კანონის უზენაესობა და ”დემოკრატიული სახელმწიფოები უნდა გაძლიერდნენ; სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იქნას და ნებისმიერ დროს საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იქნას”.
”რამდენიმე შემთხვევაში რუსეთმა ბოლო ათი დღის მანძილზე განხორციელებული ქმედებებით დაარღვია ეს პრინციპები,” – განაგრძო მილიბანდმა. ”და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროში, ევროკავშირში და ნატოში ბრიტანეთი განაგრძობს ხმამაღლა და მკაფიოდ საუბარს ამ საკითხებზე”.
”ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ბრიტანეთის მთავრობა და ბრიტანელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს მათ იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც მათ სიცოცხლეს და მათ ქვეყანას ემუქრება,” – განაცხადა მან.