ახალი ამბები

ლავროვი ნატოს ”მიკერძოებულ” შეფასებებს აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო ”მიკერძოებულია” რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შეფასებისას და ”ანტირუსულ” ხაზს ატარებს.

ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალური მდივნის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატოს პოზიციას მართლაც ექნება გავლენა მასთან რუსეთის მომავალ ურთიერთობებზე.

იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 19 აგვისტოს ნატოს მინისტერიალის შემდეგ გააფრთხილა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს ძალები საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გავლენას იქონიებს ნატო-რუსეთის შემდგომ ურთიერთობებზე.

ლავროვმა უკმაყოფილება არ დამალა, რომ ნატომ პრეტენზიები ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების კონტექსტში მხოლოდ რუსეთის მიმართ გამოხატა.

”ყველა პრეტენზია ჩვენზეა მომართული,”- განაცხადა ლავროვმა, ”თითქოს ამ პრინციპებში არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება დაუყოვნებლივ დააბრუნოს თავისი ჯარები მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში; ისიც რომ ბატონმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი სახეშეცვლილ დოკუმენტს, რომელიც მხარეების მიერ იქნა შეთავაზებული ხელმოსაწერად და ისიც, როგორც ცდილობდნენ ამ დოკუმენტის სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებას; და ისიც, ადგილი რომ აქვს მცდელობას დაიბლოკოს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მხარს დაუჭერდა ექვს პრინციპს პირვანდელი სახით”.

”ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არა ნატოს წევრები კარნახობენ ბატონ სააკაშვილს როგორი ქმედებები უნდა განახორციელოს მან, რათა შეესაბამებოდეს ნატოს მაღალ სტანდარტებს, არამედ ბატონი სააკაშვილი კარნახობს განვითარებულ დემოკრატიებს ნატოს წევრების სახით, რათა დააკმაყოფილონ მისი ამბიციები,”- აღნიშნა მან.

ლავროვის თქმით, ნატოს სურვილი ”შეათრიოს” საქართველო ალიანსში, ”ნაკარნახევია ერთმნიშვნელოვანი მისწრაფებით, რომელსაც სხვაგვარად არ შემიძლია ვუწოდო, თუ არა ანტირუსული და მიმართული აგრესიული რეჟიმის მხარდაჭერისკენ”.

Back to top button