
ნატო რუსეთს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს
ნატო მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საქართველოსთან მიღწეული შეთანხმება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 19 აგვისტოს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მინისტერიალმა გადაწყვიტა შექმნას ნატო-საქართველოს საბჭო და ასევე მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ნატო-რუსეთის ანალოგიური საბჭოს საქმიანობა, ვიდრე შეთანხმებას არ შეასრულებს რუსეთი.
”ჩვენი მომავალი ურთიერთობები რუსეთთან დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შეასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც არ ხდება ამ მომენტში,”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ”ყველა პუნქტი უნდა შეასრულოს რუსეთმა” და გაიყვანოს თავისი ძალები ”6 აგვისტოს პოზიციებზე”.
მან ასევე განაცხადა, რომ დღეს მინისტერიალს არ უმსჯელია საქართველოსთვის ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხზე. მისი თქმით, ამ თემას ნატოში დეკემბერში განიხილავენ, ისე როგორც დაიგეგმა ბუქარესტის აპრილის სამიტზე, სადაც ნატოს ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.
სხეფერმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრებმა შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებაში ნათლად განაცხადეს, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
სხეფერმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გააგზავნის მის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში თბილისში ვიზიტით და ასევე თბილისს ეწვევა ნატოს 15 სამოქალაქო ექსპერტი, რომელიც კონფლიქტის შედეგად მიყენებული ზიანის რეაბილიტაციაში დაეხმარება.