
რუსეთი საქართველოს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ქართული მხარე არ ასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას თავისი საჯარისო დანაყოფების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების თაობაზე და საჯარისო ფორმირებები საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს, განაცხადა რუსეთის გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
”მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ექვს პრინციპს, რითაც აიღო ვალდებულება გაეყვანა თავისი ჯარები მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, დღეს ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ეს ვალდებულება არაა შესრულებული,”- იუწყება 19 აგვისტოს ”ინტერფაქსი” ნოგოვიცინის სიტყვებზე დაყრდნობით.
”საქართველოს შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მოქმედებებს თავისი დანაყოფების ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად,”- განაცხადა მან.
”რია ნოვოსტი” იტყობინება ნოგოვიცინის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ”მზადდება დივერსიული აქციები საქართველოში მყოფი რუსი სამხედროების წინააღმდეგ”.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 17 აგვისტოს დაარწმუნა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომ მისი ძალები დაიწყებდნენ ორშაბათიდან საქართველოდან გასვლას. თუმცა მათი გასვლის ნიშნები არ შეინიშნება. მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ მათი ძალების გაყვანა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ასრულებს თბილისი ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების ვალდებულებას.