
სააკაშვილს მოუწევს ”მწვავე კითხვებზე” პასუხის გაცემა
ოპოზიციურმა პარტიებმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 18 აგვისტოს განაცხადეს, რომ რუსული ძალების გაყვანა პრიორიტეტული საკითხია.
თუმცა როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ”მწვავე კითხვებზე” პასუხის გაცემა ქვეყანაში შექმნილ ”ტრაგიკულ” მდგომარეობაზე მას შემდეგ, რაც რუსული ძალები გავლენ, იუწყება 18 აგვისტოს ”როიტერი”.
ბურჯანაძე ასევე აცხადებს, რომ ის უახლოეს ხანებში პოლიტიკურ პარტიას შექმნის, რადგან ”ზუსტად ახლა უნდა ვითამაშო აქტიური პოლიტიკური როლი ქვეყანაში”.
”მნიშვნელოვანია ხალხის ერთიანობის ჩვენება, იმის ჩვენება, რომ ხალხი ერთიანია და აქვს იმედი და შეგრძნება იმისა, რომ გადალახავენ ყველა სირთულეს,” – განაცხადა მან, ”მაგრამ ეს ერთია და ზეიმი მეორე. ჩვენ არაფერი გვაქვს საზეიმო”.
მას სავარაუდოდ მხედვებელობაში ჰქონდა 12 აგვისტოს, პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალი აქციის სულისკვეთება, სადაც რუსულ სამხედრო აგრესიას აპროტესტებდნენ და დროდადრო პატრიოტული სიმღერებიც სრულდებოდა.
”ქართველი დედები ძალიან მამაცები არიან და ისინი მზად არიან თავიანთი შვილები, თავიანთი ვაჟები გაუშვან საბრძოლველად, ქვეყნის დასაცავად,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”მაგრამ ქართველ დედებს, ყველა დედას მსოფლიოში აქვს უფლება იცოდეს რისთვის აკეთებენ ამას”.
”შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ რუსული ტანკები თბილისიდან 20-25 წუთის სავალ მანძილზე იქნებოდნენ, ის, რომ ამდენი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი გვეყოლებოდა და ამდენი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში,”- განაცხადა მან.
”ვშიშობ, ხელისუფლებისთვის არ იქნება ადვილი უპასუხოს ყველა ამ კითხვას,” – დასძინა მან.
მისი თქმით, ომის პირობებში ერთიანობა ქვეყნის შიგნით სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. ანალოგიური პოზიცია გაახმოვანეს დღეს რესპუბლიკური პარტიისა და ახალი მემარჯვენეების ოპოზიციონერმა ლიდერებმაც. დავით უსუფაშვილმა და დავით გამყრელიძემ აღნიშნეს, რომ ისინი რუსული აგრესიის საფრთხის განეიტრალებამდე ხელისუფლების ოპონირებაზე მორატორიუმს შეინარჩუნებენ, თუმცა შემდეგ დაიწყება მომხდარის სამხედრო და პოლიტიკური გაანალიზება.
სხვა პოლიტიკური პარტიებიც სიფრთხილეს იჩენენ მწვავე განცხადებების გაკეთებისას, ქართულ მედიასთან მაინც. თუმცა, 15 აგვისტოს Financial Times-ი იტყობინებოდა ოპოზიციური კოალიციის ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის და კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას შესაძლო საპროტესტო აქციების შესახებ აფრთხილებს.
Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, რადგან ამ მთავრობას ნდობა არ აქვს. ხოლო კუკავას თქმით, ”სააკაშვილი პირადადაა პასუხისმგებელი სამხედრო ოპერაციაზე და იმ ომის დაწყებაზე, რომლის მოგებაც ვერ შევძელით”. მან ასევე დასძინა, რომ ოპოზიცია მოიცდის სანამ სიტუაცია დაწყნარდება და შემდეგ მოუწოდებს მასობრივი აქციებისკენ ხელისუფლების შესაცვლელად.
როგორც კი ეს ინფორმაცია რუსულმა მასმედიამ გაახმოვანა, ორივე პოლიტიკოსმა სასწრაფოდ განაცხადეს, რომ მათი განცხადებები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
”საქართველოში დღეს, როდესაც ბოგინებს რუსული ტანკები მთელს ტერიტორიაზე, მის მეტ ნაწილზე, აუცილებელია ერთსულოვნება, სიმტკიცე და ვერასდროს გარეშე მტერი ვერ ეღირსება იმას, რომ შიგნით პოლიტიკურად მიიღოს დაძაბულობა,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
”ჩვენი პოზიცია ასეთია: მთავარია რუსულმა ტანკებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და შემდეგ დაიწყება დისკუსიები ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა,”- განუცხადა კუკავამ Civil.ge-ს.
ამავდროულად, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალმა მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა – 18 აგვისტოს ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების სახელზე ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ნატოს საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციის თხოვნით მიმართავენ.
”მოგმართავთ თხოვნით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის საფუძველზე დაყრდნობით, მიიღოთ გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციის თაობაზე,” – ნათქვამია მიმართვაში. ”ეს უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ყველასთვის, ვინც ფიქრობს სამხედრო აგრესიული გზით საკუთარი იმპერიული გეგმების განხორციელებას. იმავდროულად ეს იქნება გზავნილი ყველა თავისუფლების მოყვარე ქვეყნებისთვის, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტონი არ არიან. ხოლო საქართველოსთვის რეალური საშუალება დააღწიოს თავი საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტს და გააგრძელოს მშვიდობიანი სვლა დემოკრატიისთვის”.