ახალი ამბები

თბილისის თქმით, რუსეთი უგულებელყოფს ძალების გაყვანის ვალდებულებას

ძალების გაყვანის დაწყების თაობაზე რუსეთის განცხადების მიუხედავად, კვლავ გრძელდება რუსი სამხედროების მოძრაობა საქართველოს სიღრმეში, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ 18 აგვისტოს.   

მან ამის მაგალითად მოიყვანა დღეს მომხდარი ინციდენტი, როდესაც რუსეთის ჯავშანმანქანებმა ძალით გაიკვლიეს გზა იგოეთთან და გადაუარეს ქართული საპატრულო პოლიციის მანქანქებს, რომლებიც გზაზე ეღობებოდნენ. ამ ინციდენტის ვიდეოჩანაწერი ქართულმა ტელეკომპანიებმა უჩვენეს.

”ინციდენტი მინიმუმ 30 კმ-ით იყო მოშორებული კონფლიქტის ზონიდან. იგოეთთან ქართული პოლიციელების პოსტმა შენიშნა მოახლოებული რუსული ჯავშანტექნიკა და ჯარისკაცები, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ შეთანხმება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ მიღწეულია და ჩვენ, ჩვენის მხრიდან ვიცავთ ამ შეთანხმებას და დღეს გაჟღერდა რუსეთის ოფიციალური პირებისგან, რომ ისინიც ასევე აპირებენ ამ შეთანხმების დაცვას, ქართულმა პოლიციამ გააპროტესტა და გადაუღობა გზა რუსული ჯავშანტექნიკის მოძრაობას ქვეყნის შიგნით, მითუმეტეს, რომ მათი მხრიდან არ იქნა გაჟღერებული არც მიმართულება და არც მიზანი ამ გადაადგილების,” – განაცხადა ეკა ზღულაძემ.

ამავრდოულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღესვე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თორმეტი რუსული ჯავშანმანქანა შეეცადა გზა გაეკვლია ხაშურიდან ორი ქალაქისკენ – ექვსი ცდილობდა საჩხერისკენ წასვლას, ხოლო კიდევ ექვსი – ბორჯომისკენ. შსს-ს ცნობით, რუსი სამხედროები ქართულმა პოლიციამ გააჩერა და ორივე კოლონა ხაშურში დაბრუნდა შემდგომი გართულებების გარეშე.

 

Back to top button