ახალი ამბები

რუსული და ქართული მხარეები ტყვეების გაცვლაზე ვერ თანხმდებიან

საქართველომ და რუსეთმა 18 აგვისტოს ერთმანეთი დაადანაშაულეს, რომ ვერ მოხერხდა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმება.

რუსეთის შეირაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ 18 აგვისტოს ჩაშალა მოლაპარაკებები სოფელ ერგნეთში.

”ჩვენ დღეს გვქონდა ამის მცდელობა ადგილობრივი დროით 12:15 საათზე. ეს უნდა მომხდარიყო სოფელ ერგნეთში. თუმცა, გაცვლა არ მოხდა,” – განაცხადა მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. ”ქართული მხარე დამატებით მოთხოვნებს აყენებს… ამ მოთხოვნების წინასწარი ანალიზი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქართული მხარე ცდილობდა სამხედრო ტყვეები მძევლებად და რაღაცაზე სავაჭროდ გამოეყენებინა”.  

ნოგოვიცინის თქმით, რუსეთი ითხოვდა ”ყველას ყველაზე გაცვლას”.

ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 18 აგვისტოს, რომ ქართულმა მხარემ არაერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა ტყვეთა დაუყოვნებლივ გაცვლის შესახებ პრინციპით ყველა ყველაზე, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთის მხარე უარს აცხადებს ამ პრინციპის დაცვაზე.

”ჩვენ ვიცით, რომ [ქართველი] ტყვეების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს რუსული მხარის მიერ მოწოდებულ სიაშია მითითებული,” – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ. ” რუსული მხარის მიერ გადმოცემული ტყვეთა სია არის წინააღმდეგობრივი და არაზუსტი. სიაში ფიგურირებენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც დიდი ხანია თავისუფლები არიან”.

”მოვუწოდებთ რუსულ მხარეს დაუყონებლივ წარმოადგინოს ტყვეების ზუსტი სია,” – განაცხადა მან.

სამხედრო ტყვეების შესახებ ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება. რუსულმა მხარემ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ სიაში 14 ქართველი სამხედრო და 5 რუსი ჯარისკაცია. თუმცა, მოგვიანებით რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ 15 ქართველი და 12 რუსი სამხედროა სიაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა სამხედრო ტყვეების რაოდენობის დაზუსტებაზე.

Back to top button