ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ეწვევა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბანდი მიმდინარე კვირას საქართველოს ეწვევა, იტყობინება Guardian 18 აგვისტოს.

ამავე ინფორმაციით, მილიბანდის ვიზიტი, რომელიც სავარაუდოდ, ოთხშაბათს შედგება, დაუნინგ სტრიტმა გაახმოვანა მას შემდეგ, რაც ქართულმა რადიომ განაცხადა, რომ თავად პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი გეგმავდა საქართველოში ჩამოსვლას.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა 16 აგვისტოს განცხადებაში აღნიშნა, რომ ”რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ” მიუღებელია და ”ეწინააღმდეგება ეროვნული სუვერენიტეტის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს”.

”გაერთიანებული სამეფო სრულფასოვნად ჩაერთვება საერთაშორისო სადამკვირვბლო მისიაში საქართველოში და მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. მოუთმენლად ველი სამშაბათის საგანგებო შეხვედრას ჩრდილოეთ ატლანტიკურ საბჭოში ბრიუსელში, სადაც გაგრძელდება პარტნიორებთან საუბარი მომდევნო ნაბიჯებზე,” – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ რუსულმა ძალებმა დაუყონებლივ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია, როგორც ამას ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს.

ბრიტანეთის კონსერვატორული პარტიის ლიდერი დევიდ კამერონი 16 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდა.

”ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს უძველესი დემოკრატიული სახელმწიფო გვერდზე დაუდგეს უახლეს დემოკრატიულ სახელმწიფოს, როდესაც მის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიჭრება სხვა სახელმწიფო,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს თბილისში. ”ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა ბრიტანელი ხალხის, ბრიტანეთის ხელისუფლების და ბრიტანეთის ოპოზიციის უძლიერესი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მისი დამოუკიდებლობის და ერთიანობის მიმართ”. 

Back to top button