ახალი ამბები

სააკაშვილის მიმართვა – სრული ტექსტი

პრეზიდენტის მიმართვის ჩანაწერი 18 აგვიტოს გავრცელდა. ქვემოთ მოყვანილია გამოსვლის სრული ტექსტი:

”ჩემო თანამემამულენო,

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველომ გადაიტანა უმძიმესი გამოცდა და აგრძელებს ძალიან გმირულად მთელი ქართული საზოგადოება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ, ერთ-ერთ ყველაზე გმირულ და თავდადებულ წინააღმდეგობას, რომელიც პირველად ჩვენს ისტორიაში მოჰყვა დანარჩენი მსოფლიოს აღფრთოვანება და დაფასება.

ჩვენ დაგვესხნენ თავს. თავდასხმის მიზეზი არ ყოფილა, რა თქმა უნდა, არც ცხინვალი, არც მხოლოდ აფხაზეთი.

თავდასხმის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბოლოს მოღება, თავდასხმის მიზანი იყო საქართველოს თავისუფალი სულის განადგურება, ქართველი ერის ფეხქვეშ გათელვა, საქართველოს მომავლის დასამარება  და მთელი მსოფლიოსთვის ქართველების მაგალითზე ძალიან მწარე გაკვეთილის სწავლება.

ჩვენ ვიმყოფებით მრავალდღიანი ინტერვენციის და ოკუპაციის შემდეგ ვითარებაში.

რუსული აგრესიის და ოკუპაციის მთავარი მიზნები ჯერ-ჯერობით არის მიუღწეველი:

საქართველოს დედაქალაქი არ დაეცა; საქართველოს მთავრობა, განსხვავებით 1921 წლისა, არ გაქცეულა; უფრო მეტიც, მთავრობის ყველა რგოლი, როგორც არასდროს ორგანიზებულად და მწყობრად მუშაობს; ქართველი ხალხი არ გამოსულა ქუჩაში და არ დაუმხია საკუთარი მთავრობა; არ მოუწყვია პანიკა, არ გაქცეულა და აგრძელებს პასიური, გმირული წინააღმდეგობის გაწევას მომხვდური უცხო დამპყრობლისთვის.

ჩემთან მოდის ასობით მაგალითი ჩვენი სხვადასხვა რეგიონების, ქალაქების, სოფლების მაცხოვრებლების ენით აღუწერელი გმირობის.

ჩვენ ვართ ჩვენი დიდი გმირების შთამომავლები, ჩვენ ვართ ცოტნე დადიანის შთამომავლები, ჩვენ ვართ ჭყონდიდელის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის, ბევრი სხვა ქართველი გმირის შთამომავლები. ჩვენ ვიცით და გვაქვს წარმოუდგენელი გამოცდილება, გენეტიკური დაგროვილი, როგორ დავხვდეთ ჩვენზე ათასგზის მრავალრიცხოვან მტერს. საქართველო ყოველთვის იყო აურაცხელი მტრების შემოსევის სამიზნე. საქართველომ მოახერხა გაძლება, გადარჩენა და ჩვენ გადავრჩებით ახლაც.

მე მინდა ყველას წინაშე ქედი მოვიხადო და ყველას დიდი მადლობა გითხრათ.

თქვენმა ამ წარმოუდგენელმა თავშეკავებამ და ღირსების მთელი მსოფლიოს დასანახად დემონსტრირებამ აღაფრთოვანა ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანი, გაზვიადების გარეშე, მთელს მსოფლიოში.

მთავარი  თემაა დღეს ამერიკულ პოლიტიკურ განხილვაში საქართველოს მოვლენები, მთავარი თემაა დღეს ევროპაში საქართველოს მოვლენები, და ამას ექნება ძალიან დიდი გრძელვადიანი ეფექტი. სულ სხვანაირად შეცვლის ჩვენი ქვეყნის ისტორიას.

ჩვენ ეს არ გვსურდა და არ გვიხარია, მაგრამ ეს აღმოჩნდა ჩვენი მტრისთვის, ჩვენი დამპყრობლისთვის ძალიან მოულოდნელი და ძალიან უსიამოვნო სურპრიზი.

მაგრამ მე ახლა მინდა მივმართო რუსეთიდან შემოსულ საოკუპაციო ძალას და მის მესვეურებს:

თქვენი შემოსვლა თავიდანვე იყო უკანონო და ყველაფრის ფეხქვეშ გათელვა, ყველა საერთაშორისო ნორმის ფეხქვეშ გათელვა. თქვენი ყოფნის გაგრძელება საქართველოში არის უაზრო, უთავბოლო და ძალიან დამაზიანებელი, ყოველდღე თქვენი აქ ყოფნა კატასტროფული ზიანის მომტანია თქვენივე მომავლისთვის, თქვენივე მომავალი პერსპექტივისთვის.

თქვენ თქვენს მიზნებს ვერ მიაღწევთ, საქართველო არ ჩამოიშლება, მე მგონი დარწმუნდით უკვე იმაში, რომ საქართველო არ გაიქცევა, თბილისი არ დაცარიელდა, მთავრობა ადგილზეა, საქართველოს ჯარი არ განადგურებულა და არც განადგურდება და რაც მთავარია ქართველის წინააღმდეგობრივი  სული არ გატეხილა და არც გატყდება.

ერთადერთი, რასაც თქვენ აღწევთ აქეთ-იქით უთავბოლო სიარულით, ძარცვებით, ყაჩაღობით, ქურდობით, ნგრევით და აფეთქებით, არის მთელი მსოფლიოს მრავალი თვით და წლით გაუცხოებას და შეიძლება მთელი თაობებით გაუცხოებას თქვენი ქმედებებისგან და თქვენი ქვეყნისა.

საქართველოს თქვენ დიდი ზიანი მოუტანეთ, მაგრამ ამის შემდეგ ბევრს ვერც ვერაფერს გააკეთებთ. თქვენ აქ ყოფნას არანაირი  აზრი თქვენივე მიზნებიდან გამომდინარე უბრალოდ აღარ აქვს.

ამიტომ მე მოგიწოდებთ და მოვითხოვ, რომ რუსეთის ამ საოკუპაციო ჯარებმა დაუყოვნებლივ დატოვონ საქართველოს ტერიტორია.

მე მოგმართავთ, რომ მას შემდეგ, რაც თქვენი ჯარები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას ამის შემდეგ დავიწყოთ სერიოზული ფიქრი და განხილვები შემდგომი მოლაპარაკებების, შემდგომი ურთიერთობების ფორმის ძებნის, იმისათვის, რომ სამუდამოდ არ გავაუცხოოთ ერთმანეთისგან ჩვენი ქვეყნები, მაგრამ ახლა ოკუპაცია უნდა დასრულდეს.

ახლა საქართველოს მთავარი გზები და ქალაქები დაუყოვნებლივ, როგორც პირველი გადაუდებელი ნაბიჯი უნდა გათავისუფლდეს და ყველაფერი უნდა გაიხსნას. ახლა ხალხს უნდა მისცეთ საშუალება, რომ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და თავიანთი, რაც დარჩა, რაც არ არის გაძარცული აღადგინონ, მოაწესრიგონ და იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით.

იმიტომ, რომ ყოველი დღე თქვენი აქ ყოფნის გარდა იმისა, რომ ანგრევს თქვენივე პერსპექტივას, პრინციპში ვერაფერს ვერ აკლებს ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ ძალიან აზარალებს უდანაშაულო, უბრალო ადამიანებს და ამ ადამიანებზე დგას და მათ შთამომავლებზე ჩვენი მომავალი ურთიერთობა და ნუ გავაუცხოებთ, ნუ გადავკიდებთ სამუდამოდ მომავალ თაობას ერთმანეთს.
 
მე დიდი იმედი არ მაქვს თქვენი გულმოწყალეობის და ნამდვილად ამაზე არ ვაკეთებ ახლა გათვლას, მაგრამ მე იმედი მაქვს თქვენი პრაგმატიზმის და ელემენტარული საღი აზრის.  

და მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო თქვენც მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

საქართველო არ გატყდება, რაც არ უნდა გააკეთოთ, საქართველო არ დანებდება, საქართველო უკან არ დაიხევს, საქართველო არც არასდროს იტყვის უარს თავისი მიწის ერთ გოჯაზე მაინც როგორც არ უნდა გააგრძელოთ თქვენ და რისი გაკეთებაც არ უნდა განიზრახოთ მომავალში.

მეორეს მხრივ, საქართველო ყოველთვის გახსნილია, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩვენს შორის, იმისაკენ, რომ ყველა სადაო საკითხი, თუ ასეთი არსებობს, გადაიჭრას დიალოგის, მოლაპარაკების და ელემენტარული ცივილიზებული ურთიერთობების გზით. მაგრამ ამის წინაპირობა უკვე არის საოკუპაციო ჯარის გასვლა და საქართველოსთვის ზიანის მიყენების შეჩერება და საქართველოს დეოკუპაცია.

მე მინდა მოგმართოთ ჩემო თანამემამულენო, ჩვენ ბოლომდე გავიტანთ ყველაფერს, ბოლომდე აღვიდგენთ ყველაფერს, ბოლომდე დავაყენებთ ფეხზე ჩვენს ქვეყანას, ბოლომდე ავინაზღაურებთ რაც დაგვაკლდა, რა თქმა უნდა,არაფერი არ აინაზღაურებს დაღუპული ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ ყველაფერს დანარჩენს ავინაზღაურებთ და ჩვენ ბოლომდე გავიმართებით წელში, ბოლომდე დავაყენებთ ჩვენს დაუჩოქებელ ქვეყანას, რომელსაც ძალიან უტრიალეს ბოლო დღეებში და ვერ დააჩოქეს, რომელიც ძალიან არყიეს და ვერ წააქციეს. ამ ჩვენ დაუჩოქებელ და  დაუმორჩილებელ ქვეყანას ჩვენ აუცილებლად ბოლომდე დავაყენებთ ფეხზე და გავმართავთ წელში. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის საქართველოს მფარველი!”

Back to top button