
რუსეთმა საქართველოს თავს მოახვია კონფლიქტი – სააკაშვილი
• სააკაშვილი: ტყუილია, რომ საქართველომ დაიწყო კონფლიქტი;
• თბილისი მზადაა საერთაშორისო გამოძიებისთვის;
• მერკელი: ბრალდებების დრო არ არის.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად უარყო ნებისმიერი ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მისი ადმინისტრაციაა დამნაშავე რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტის დაწყებაში. მისი თქმით, საქართველო მზად არის საერთაშორისო გამოძიებისთვის, რათა გაირკვეს, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი.
გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან 17 აგვისტოს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ სააკაშვილს თხოვეს, რომ კომენტარი გაეკეთებინა ბრალდებებზე თითქოს საქართველომ დაიწყო კონფლიქტი გააგზავნა რა თავისი ძალები თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასამყარებლად.
ამის საპასუხოდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთმა გამოაგზავნა ძალები საქართველოში და თბილისმა მხოლოდ რეაგირება მოახდინა ამაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო თვეების განმავლობაში მოუწოდებდა დასავლეთს მიექცია ყურადღება საქართველოში ინტერვენციისთვის რუსეთის მზადებისათვის.
”არც ერთმა თქვენგანმა ამას ყურადღება არ მიაქცია,” – განაცხადა მან. ”და ახლა თქვენ მოდიხართ და ჩვენ გვადანაშაულებთ?” არც ერთმა წამყვანმა ევროპულმა მედია საშუალებამ არ მიაქცია ამას ყურადღება; ადგილზე ამის ყველანაირი ნიშანი არსებობდა; და ახლა ხალმა შესაძლოა თქვას: ვინ ისროლა პირველი ტყვია? თუ ასობით ტანკი შემოდის შენს ქვეყანაში, ორი არჩევანი გაქვს – ან ისროლო, ან დანებდე. მე ნათლად განვაცხადე, არც ერთ შემთხვევაში, საქართველო არ დანებდება. თუ ტანკები განაგრძობენ წამოსვლას, ჩვენ მაინც არ დავნებდებით”.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი შეეცადა თავისი ქმედების გამართლებას იმ მოტივით, რომ თავის მოქალაქეებს იცავდა სამხრეთ ოსეთში. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საბჭოური ტაქტიკაა.
“ყოველთვის, როდესაც დიდი რუსეთი თავს ესხმის რომელიმე მეზობელს, რუსეთი ყოველთვის მეზობელს ადანაშაულებს. დამისახელეთ ისტორიის რომელიმე მონაკვეთი, როდესაც რუსეთმა თქვა, რომ მათი თავდასხმა არ იყო პროვოცირებული; ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ის პროვოცირებული იყო; ის იყო პროვოცირებული ფინეთის მიერ; ის იყო პროვოცირებული უნგრეთის მიერ; ის იყო პროვოცირებული ჩეხოსლოვაკიის მიერ; ის იყო პროვოცირებული ავღანეთის მიერ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღიარა, რომ შეუძლებელი იყო “ორი ათასი რუსული ტანკის” გაჩერება, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ.
“მაგრამ არ აქვს მას [საქართველოს ხელისუფლებას] ვალდებულება შეეცადოს მაინც? დიახ, ჩვენ გვაქვს,” – განაგრძო მან. “უნდა გაგვეკეთებინა ეს? დიახ. წავაგეთ? არა მგონია, რადგანაც ხალხი გაერთიანდა და ვფიქრობ, საბოლოოდ ისინი გავლენ ჩემი ქვეყნიდან და მისცემენ ხალხს მშვიდობაში განვითარების საშუალებას”.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა “საერთაშორისო გამოძიებისთვის კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე”.
“ჩვენ ის ვართ, ვინც დაუყონებლივ მოითხოვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვება ადგილზე და ის, ვინც გამჭირვალობისკენ მოუწოდებს,” – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო იძულებით გააბეს ხაფანგში.
“ტყუილია, რომ საქართველო ხაფანგში გაება, რადგანაც გვინდოდა თუ არა ჩვენ მახეში გაბმა, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგანაც ეს უკვე ჩვენს მაგივრად იყო გადაწყვეტილი და ეს მოხდა კიდეც,” – განაცხადა სააკაშვილმა.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ახლა კონფლიქტის მიზეზებზე საუბრის დროს არის; მისი თქმით, ამჟამად პრიორიტეტულია ცეცხლის შეწყვეტა და ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ მოხდება რუსული ძალების საქართველოდან “ძალიან სწრაფი” გაყვანა. მან ამას “გადაუდებელი საქმე” უწოდა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მადლიერია გერმანიის კანცლერის მხარდაჭერისა და მას “ძალიან მამაცი სახელმწიფო მოხელე უწოდა”.
“ჩვენ გვჭირდება დაუყონებლივ გაყვანა [რუსული ძალების], ჩვენ გვჭირდება გაყვანის და ცეცხლის შეწყვეტის დადასტურება ევროკავშირის და ეუთოს დამკვირვებლების მიერ, ჩვენ გვჭირდება, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ ყველასთან მიაღწიოს და საბოლოოდ, ჩვენ გვჭირდება სამშვიდობოები კონფლიქტის ზონებში და ნამდვილი პოსტ-კონფლიქტური მოგვარება ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტერესებში,” – განაცხადა სააკაშვილმა.
“საქართველო არასდროს არ დათმობს მისი ტერიტორიის ერთ კვადრატულ მეტრსაც კი; არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, ჩვენ არასდროს შევურიგდებით საქართველოს ტერიტორიის ანექსიას ან მისი ტერიტორიების წართმევას, ეთნიკური წმენდის ლეგალიზების მცდელობებს, საქართველოს დაჩოქების მცდელობებს და დემოკრატიული სისტემის ძირის გამოთხრის მცდელობებს,” – დასძინა მან.