ახალი ამბები

პრეზიდენტმა დევნილებს დახმარება აღუთქვა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს  კონფლიქტის შედეგად თბილისში დევნილების ერთ-ერთი კომპაქტურად განსახლების ადგილი მოინახულა და დახმარება აღუთქვა. 

იგი დაპირდა დევნილებს, რომ როგორც კი რუსი ჯარისკაცები – ”ნაძირლები”, ”ოკუპანტები”, ”ინტერვენტები”, ”მათხოვრები” –  გავლენ საქართველოს ტერიტორიიდან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წამოვა დიდი დახმარება დანგრეულის აღსადგენად.

”ყველაფერს აღვადგენთ, უკეთეს სახლებში ვიცხოვრებთ,”- განუცხადა მან დევნილებს, ”უსახლ-კაროდ და შემოსავლის გარეშე არ დარჩებით. მივცემთ კომპენსაციას, ვინც დაზარალდა; ყველა ადამიანი ვინც დაიღუპა, ყველა ადამიანის ოჯახი მიიღებს დახმარებას”.

მან ასევე განაცხადა: ”არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა აგრესია”.
 
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის გეგმები ჩაშლილია და ”მთელი მსოფლიოს თვალში ისინი გასწორებული არიან მიწასთან”.

სააკაშვილის თქმით, რუსეთის მიზანი იყო მთავრობის შეცვლაც, მაგრამ ”საქართველოს ჩვენ ამათ ვერ ჩავაბარებთ”.

”წავალთ და მთელი ცხოვრება გვექნება სანანებელი,”- განაცხადა მან, ”თუ საქართველოს ძირითად ცენტრებს გადავარჩენთ, საქართველო დაიბრუნებს ყველაფერს. თუ ისინი ჩამოგვშლიდნენ აქ, მაშინ საქართველოს აღარ აქვს მომავალი”.  

”ჩვენ ამ სახადსაც მოვიხდით,”- განაგრძო მან, ”ერთხელ და სამუდამოდ ესენი უნდა მოვიხადოთ, თუ გვინდა რომ გავხდეთ ნორმალურები”.

Back to top button