
ახალი ამბები
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები სხვადასხვა ადგილებში სანგრებს თხრიან
რუსეთის ძალების მიერ ამჟამად კონტროლირებადი სხვადასხვა ტერიტორიებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები ამ ადგილებზე სანგრებს თხრიან.
თვითმხილველმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ დაინახა რუსი ჯარისკაცები, ორ ჯავშანმანქანასთან ერთად, რომლებიც სოფელ გომში სანგრებს თხრიდნენ. ეს სოფელი ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარეობს, ქალაქ ქარელის მახლობლად.
”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ანალოგიური სიტუაციაა სოფელ თეკლათთან, სენაკის მახლობლად. საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტმა ადგილიდან განაცხადა, რომ დაინახა რუსი სამხედროები, რომლებიც სანგრებს თხრიან.
AFP იტყობინება, რომ მისმა კორესპონდენტმა დაინახა რუსული ძალები, რომლებიც იგოეთთან სანგრებს თხრიდნენ. იგოეთი თბილისსა და გორს შორის მდებარეობს.