ახალი ამბები

საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალი პარალიზებულია

კასპის რაიონში დღეს შუადღისთვის რკინიგზის ხიდი ააფეთქეს, რამაც გამოიწვია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი სარკინიგზო მაგისტრალის პარალიზება.

თვითმხილველებმა ”რუსთავი 2”-ს განუცხადეს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები ფორმიანებმა დაამონტაჟეს ხიდის ქვეშ, რის შემდეგაც ცოტა ხანში აფეთქების ხმა გაისმა. 

აქამდე, გორის მისადგომებთან რუსული ძალების ყოფნის გამო პარალიზებული იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალზე გადაადგილება, რასაც დღეს უკვე რკინიგზაც დაემატა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ კასპთან რკინიგზის ხიდი ”რუსმა ოკუპანტებმა” ააფეთქეს.  

”ეს უკვე არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რასაც არანაირი კავშირი სამხედრო თემატიკასთან, რა თქმა უნდა, არ აქვს,”- განაცხადა მან.

თუმცა, რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგივიცინმა უარყო რუსული ძალების მიერ ხიდის აფეთქება და განაცხადა: ”ეს შეუძლებელია”.

”ჩვენ რაში გვჭირდება ხიდების აფეთქება?” – იტყობინება ”ინტერფაქსი” მის სიტყვებზე დაყრდნობით. ”ჩვენ ეს არ გვჭირდება; შემდეგ ისევ ჩვენ მოგვიწევს მათი შეკეთება”.

 

მსგავსი/Related

Back to top button