ახალი ამბები

მედევედევმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი

•რუსული ძალების გაყვანის ზუსტი დრო უცნობია;
•”უსაფრთხოების ოპერაცია” მიმდინარეობს;
•საბრძოლო მასალის საწყობები ”ნეიტრალიზებულია”.

რუსი სამხედროები გორის მისადგომებთან, 15 აგვისტო. 
ფოტო: ინტერპრესნიუსი.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 16 აგვისტოს ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, იტყობინება ”ინტერფაქსი”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნის წინ, რომ რუსული ძალების გაყვანის დაწყების ზუსტი დრო უცნობია.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაყვანას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ქართული არმიის მიერ დატოვებული ”უზარმაზარი საწყობების ნეიტრალიზება მოხდება”.

მოსკოვიდან CNN-თან პირდაპირ ეთერში საუბრისას ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ტელეფონით დაუკავშირდა თავის რუს კოლეგას 15 აგვისტოს და ინფორმაცია მიაწოდა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყევტის შესახებ შეთანხმებას.

”პრეზიდენტ მედვედევის რეაქცია ძალიან დადებითი იყო და ვიმედოვნებ, რომ დღეს მას მოეწერება ხელი [რუსული მხარის მიერ],” – განაცხადა ნესტერენკომ. ”რუსეთის აპირებს ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რომელსაც ეს დოკუმენტი შეიცავს”.  

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ზუსტ დროს ვერ დაასახელებს, თუ როდის მოაწერს პრეზიდენტი მედვედევი ამ შეთანხმებას ხელს, ან როდის დაიწყებენ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსული ძალები კვლავ განაგრძობენ ”უსაფრთხოების ოპერაციას”.

”ისინი ანეიტრალებენ საბრძოლო მასალის და სამხედრო აღჭურვილობის ყველა იმ უზარმაზარ საწყობს, რომლებიც ქართულმა არმიამ დატოვა,” – განაცხადა ნესტერენკომ. ”ზოგიერთ სახლში უამრავი ნაღმია, ამიტომ საჭიროა მათი განეიტრალება და როგორც კი ეს ოპერაცია დასრულდება ჯარები რუსეთის მიწაზე დაბრუნდებიან”.

თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ექვსპუნქტიანი შეთანხმების დებულება, რომლის მიხედვითაც ძალების ნაწილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დარჩება სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების მიზნით, როგორც ეს საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ავალდებულებს საქართველოს თავისი ძალები დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნოს.

”რაშიც უნდა დავრწმუნდეთ დღეს არის ის, რომ საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებას,” – დასძინა მან.

ამ შეთანხმებას ხელი მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button