
ბუში: ცივი ომი დასრულებულია
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაშინგტონის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და გააფრთხილა რუსეთი, რომ მისმა ქმედებებმა შესაძლოა ქვეყანა იზოლაციამდე მიიყვანოს.
”ცივი ომი დასრულებულია,” – განაცხადა ბუშმა 15 აგვისტოს. ”სატელიტი სახელმწიფოების და გავლენის სფეროების დრო დასრულებულია”.
მისი თქმით, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, მაგრამ ”სამწუხაროდ რუსეთი განიხილავს თავისუფლების და დემოკრატიის გავრცელებას, როგორც საფრთხეს მისი ინტერესების მიმართ”.
”მხოლოდ რუსეთს შეუძლია გადაწყვიტოს შეუძლია თუ არა დაბრუნდეს პასუხისმგებელი ერების გზაზე ან განაგრძოს ისეთი პოლიტიკა, რომელსაც კონფრონტაცია და იზოლაცია მოყვება,” – განაცხადა ბუშმა. ”ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მსოფლიოში თავისი ადგილის აღსადგენად, რუსეთმა პატივი უნდა სცეს მის მეზობლებს”.
”რუსეთთან არასახარბიელო ურთიერთობა არ შედის ამერიკის ინტერესებში და ამერიკასთან არასახარბიელო ურთიერთობა არ შედის რუსეთის ინტერესებში. ბოლო დღეების მანძილზე განხორციელებული ქმედებებით რუსეთმა ზიანი მიაყენა მის სანდოობას და მის ურთიერთობებს თავისუფალი სამყაროს სახელმწიფოებთან”.
ბუშმა გაიმეორა, რომ ის მხარს უჭერს ”ქართველ ხალხს და დემოკრატიულ არჩეულ ხელისუფლებას” და დასძინა, რომ ”საქართველოს სოვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ”.
”მოსკოვმა პატივი უნდა სცეს საკუთარ ვალდებულებას და გამოიყვანოს შეყვანილი ძალები საქართველოს მთელი ტერიტორიიდან,” – განაცხადა ბუშმა.