
დაზვერვის ხელმძღვანელმა ბუშს საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაიმეორა 14 აგვისტოს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას პატივი უნდა სცენ.
ბუშმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა მაიკლ ჰეიდენმა მას სააგენტოს შტაბბინაში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ სააგენტო ადგილზე აანალიზებს ვითარებას, ასევე ”იმ სხვადასხვა შესაძლებლობებს, რასაც შეიძლება განვითარება მოყვეს რეგიონში”.
”ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხზე მომდევნო კვირებშიც და აქ მომუშავე ხალხი ნამდვილად დაგვეხმარა,” – დასძინა მან.
მანამდე 14 აგვისტოს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა აშშ-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ ჯეიმს კარტრაითთან ერთად.