ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთს უნდა ”მიუნჰენის ტიპის გარიგება” მოგვახვიოს თავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო და დიპლომატიური მანევრირების გზით აშანტაჟებს საქართველოს, რათა აიძულოს ის მიიღოს ”მიუნჰენის ტიპის გარიგება” – იგი 1938 წლის შეთანხმებას გულისხმობდა, რომელმაც საშუალება მისცა ნაცისტურ გერმანიას ჩეხოსლოვაკიის ნაწილის ანექსია განეხორციელებინა.

14 აგვისტოს უცხოელი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს გარიგება საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზანზე უარის თქმის და რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალიზების ტოლფასი იქნება. დეტალებზე მას არ უსაუბრია.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი” რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რუსული ტანკები წინ და უკან დადიან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად.

13 აგვისტოს რუსეთის სამხედრო სარდლობას და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ადგილზე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ქალაქ გორს კვლავ რუსული ძალები აკონტროლებენ და ქართული უშიშროების და საპოლიციო ძალები გორის მისადგომებთან დგანან და ქალაქის გადმობარებას ელოდებიან. თუმცა, რუსები დახევას არც ფიქრობენ.

”ჩვენ ვგეგმავთ ამას [გასვლას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში],” – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 14 აგვისტოს. ”ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თარიღს ვერ გეტყვით. ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი ძალების გაძლიერება”.

14 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მოსკოვში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შეხვდა. სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა ექვსპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტებმა” უკვე მოაწერეს ხელი, როგორც მან აღნიშნა ”მედვედევი-სარკოზის გეგმას” და ”ახლა ქართული მხარეღა დარჩა”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ორი რეგიონი დათანხმდება საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას მას შემდეგ, რაც მოხდა.

ამავდროულად, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა 14 აგვისტოს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა აშშ-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ ჯეიმს კარტრაითთან ერთად. ხოლო მოგვიანებით აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მას შემდეგ, რაც მას დაზვერვამ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.

15 აგვისტოს დაგეგმილია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტი საქართველოში. ის საფრანგეთიდან ჩამოდის.

”სახელმწიფოს მეთაურმა [პრეზიდენტმა სარკოზიმ] და ქალბატონმა რაისმა აღნიშნეს, რომ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 12 აგვისტოს მოიწონეს, მხარეებმა დაუყონებლივ უნდა მოაწერონ ხელი,” – განაცხადა ევროკავშირის საფრანგეთის თავმჯდომარეობამ რაისის და სარკოზის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Back to top button