
მედვედევმა კოკოითს და ბაღაფშს ”სტატუსის” საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრის მედვედევმა დღეს კრემლში მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი და დაარწმუნა ისინი, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს აფხაზი და ოსი ხალხის გადაწყვეტილებას რეგიონების მომავალ სტატუსთან დაკავშირებით.
საქართველოს ეს თვითგამოცხადებული რეგიონები დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვენ. სამხრეთ ოსეთი ასევე ითხოვს რუსეთთან, კერძოდ კი ჩრდილოეთ ოსეთის ფედერალურ ერთეულთან შეერთებას.
კრემლის ცნობით, კოკოითმა და ბაღაფშმა ასევე მოაწერეს ხელი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ ევროკავშირის სახელით წარმოდგენილ ექვს-პუნქტიან გეგმას.
კრემლი აღნიშნავს, რომ ”მე-6 პუნქტის გარკვეული კორექტირების შედეგად, რომელიც ეხებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის საერთაშორისო განხილვის დაწყებას, საქართველო ასევე შეუერთდა დოკუმენტს”.
თავდაპირველად ამ გეგმაში მე-6 პუნქტი ითვალისწინებდა სეპარატისტული რეგიონების სტატუსის განსაზღვრის საკითხს, თუმცა საფრანგეთის შუამავლობით მოსკოვი დაეთანხმა სიტყვა ”სტატუსის” ამოღებას თბილისის მოთხოვნით და საბოლოოდ, ევროკავშირის მიერ 13 აგვისტოს მოწონებული ამ გეგმის ეს პუნქტი შემდეგი ფორმულირებით ჩამოყალიბდა: ”საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ”.
მაშინ როცა 12 აგვისტოს მედვედევი და შემდეგ სააკაშვილი აწერდნენ ხელს ამ დოკუმენტს, არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ სეპარატისტებიც მოაწერდნენ ხელს მას.
მედვედევმა ასევე შეახსენა გეგმის იმ პუნქტის ამოქმედების საჭიროება, რომელიც ითვალისწინებს ყველა მხარის მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას რუსეთის, ევროკავშირის და ეუთოს გარანტიით.