ახალი ამბები

რუსი სამხედროები ფოთში სამხედრო აღჭურვილობას კვლავ ანადგურებენ

დღეს, დაახლოებით 13 საათისთვის ფოთის სამხედრო და სანაპირო დაცვის ბაზებზე კვლავ შევიდნენ რუსი სამხედროები, რომლებიც განაგრძობენ იქ ჯერ კიდევ დარჩენილი სამხედრო აღჭურვილობის გატანას და განადგურებას.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს სანაპირო დაცვის სარადარო დანადგარები. სანაპირო დაცვა შინაგან საქმეთა სამინიტროს დაქვემდებარებაშია.

იმავდროულად, დღეს ფოთის რაიონში, დასახლებულ პუნქტ მალთაყვაში თავდაცვის კუთვნილი ორი ობიექტი, სადავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით ააფეთქეს რუსმა სამხედროებმა.

ბოლო 4 დღის განმავლობაში რუსი სამხედროები პერიოდულად შედიან ფოთის სამხედრო ბაზებზე და ანადგურებენ იმ აღჭურვილობას, რაც რუსული ბომბდამშენების შეტევას გადაურჩა. მათ ასევე აფეთქების შედეგად ჩაძირეს სამხედრო საზღვაო ძალების გემები და სანაპირო დაცვის ოთხი კატარღა. 

კერძოდ, 13 აგვისტოს, ფოთში 7 ჯავშანსატრანსპორტო მანქანით ხელახლა შესულმა სამხედროებმა პირდაპირ სანაპიროზე ააფეთქეს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები: 1. სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი "აიეტი", რომელიც გერმანელებმა გადმოსცეს ქართულ მხარეს; 2. თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით აღჭურვილიო საპატრულო კატარღა "ორბი",  P -205, 2007 წელს აშშ-ის მთავრობის დახმარების პროგრამის ფარგლებში სრულად იქნა მოდერნიზებული; 3. საპატრულიო კატარღა "გრიფი"P- P-204 (უკრაინის მთავრობის მიერ გადმოეცა ქართულ მხარეს);
4. საპატრულო კატარღა P-01 (აშშ-ს მთავრობის მიერ გადმოცემული).

მანამდე რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ანაკლიაში, სანაპირო დაცვის სადგურზე. სამხედრო აგრესიის შედეგად დანგრეულია სანაპირო დაცვის სადგურის შენობა.

Back to top button