
გაეროს თანხმობის შემთხვევაში ევროკავშირი დამკვირვებლებს გამოაგზავნის
ევროკავშირი მზად უნდა იყოს აიღოს ვალდებულება, მათ შორის ადგილზე, და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი და ხანგრძლივი მოგვარების საქმეში, განაცხადეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 13 აგვისტოს ბრიუსელში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ, რათა ქართულ-რუსული კონფლიქტი და ორ ქვეყანას შორის ევროკავშირის საფრანგეთის თავმჯდომარეობის შუამავლობით მიღწეული დროებითი შეთანხმება განეხილათ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არიან დამკვირვებლები გააგზავნონ ადგილზე; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის სურვილია, რომ ჯერ გაეროს რეზოლუცია იქნას მიღებული.
”ჩვენ მზად ვართ ადგილზე ვიმოქმედოთ,” იტყობინება ”როიტერი” კუშნერის სიტყვებზე დაყრდნობით. ”ბევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მზად არიან შემოგვიერთდნენ… თუმცა ეს გაეროს გავლით უნდა მოხდეს”.
მან ასევე განაცხადა, რომ რთულია იმის თქმა, რომ განწყობა ”ოპტიმისტურია”.
”დამკვირვებელთა ყოლის იდეა – რასაც თქვენ სამშვიდობო ძალებს ეძახით, მე ასე ვერ დავუძახებდი – არამედ ევროპელი ინსპექტორები, მონიტორები, ხელშემწყობები, დიახ, დიახ და დიახ. სწორედ ასე უნდა იყოს წარმოდგენილი ევროპა ადგილზე,” – დასძინა მან.
ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას დაევალა წინადადებების მომზადება ამ საკითხზე.
სხდომის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს დასკვნები, რომელშიც ნათქვამია, რომ ”საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი და გრძელვადიანი მოგვარება უნდა დაეფუძნოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრულ პატივისცემას”.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე მიესალმნენ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე შედგა და რომელიც ექვს პრინციპს ეფუძნება.
- ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
- საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
- ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
- საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
- რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
- საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, საჭიროა საერთაშორისო მექანიზმის სასწრაფოდ შემუშავება. მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ”ადგილზე ეუთოს დამკვირვებელთა მისიის სწრაფ გაძლიერებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს”